24 ივლისი 2021,   00:16
ვრცლად
ტრაგედია სკოლის ექსკურსიაზე - დადგება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი ბავშვის დაღუპვის გამო

შემთხვევას, რომელიც იმერეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ექსკურსიაზე მოხდა და რომელსაც  14 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, პოლიცია იძიებს. საქმეზე უკვე დაიკითხნენ თვითმხილველები და მასწავლებლები.

14 წლის მოზარდი, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში დღის მეორე ნახევარში გადაასვენეს. ცხედარს ექსპერტიზა ქუთაისის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

შაორის ტბაზე მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზებზე ნათესავებს და ახლობლებს განსხვავებული ვერსიები აქვთ. საუბარი უჭირთ მშობლებს და კლასის დამრიგებელს, რომელთა ფსიქოლოგიური მდგომარეობაც ამ დრომდე მძიმეა.

ექსკურსიების ორგანიზებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო რეკომენდაციას არ გასცემს. საჩხერის რესურს ცენტრში ამბობენ, რომ შაორის ტბაზე ამ კონკრეტული შეკრების წინააღმდეგი იყო დირექტორიც, თუმცა მისი გაფრთხილება არ გაითვალისწინეს.

უბედური შემთხვევა რაჭაში შაორის ტბაზე გუშინ მოხდა. 14 წლის მოზარდს წინასწარი ინფორმაციით, ფეხი დაუცურდა და წყალში გადავარდა. სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათი მიმდინარეობდა.

ფაქტზე გამოძიება 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. ამბროლაურის პოლიციაში მოსწავლეების და მასწავლებლების გამოკითხვა გრძელდება. არ არის გამორიცხული შემთხვევაზე შიდა მოკვლევა განათლების სამინისტრომაც დაიწყოს. 

 

დღის ამბები