13 ოქტომბერი 2026,   14:37
ვრცლად
ილონ მასკი კვლავ რესპუბლიკური პარტიის ყველაზე მსხვილი შემომწირველია - მან შუალედური არჩევნებისთვის პარტიას 276 მილიონი დოლარი შესწირა

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი კვლავ რესპუბლიკური პარტიის ყველაზე მსხვილი შემომწირველია. მან ზაფხულიდან მოყოლებული, რესპუბლიკურ პარტიას შუალედური არჩევნებისთვის, სულ მცირე 276 მილიონი დოლარი შესწირა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, მასკის მთავარი პოლიტიკური ორგანიზაციის, America PAC-ის წარმომადგენელმა ეს რიცხვი ორშაბათს, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების ანგარიშის წარდგენის ძირითადი ვადის ამოწურვამდე სამი დღით ადრე დაადასტურა.

პრესსპიკერის თქმით, მასკის ბოლოდროინდელი შემოწირულობის უმეტესი ნაწილი (158 მილიონი აშშ დოლარი) სენატის ლიდერობის ფონდში გადაირიცხა, რომელიც სენატის საარჩევნო კამპანიებში მონაწილე რესპუბლიკელთა მთავარ პოლიტიკურ ორგანიზაციას წარმოადგენს. ორგანიზაცია ამჟამად დიდ თანხებს ხარჯავს სენატში ტეხასის სახელით ადგილის შესანარჩუნებლად, რომელიც მასკის ბიზნეს იმპერიისთვის ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, დონალდ ტრამპის 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიას თითქმის 300 მილიონი დოლარი შესწირა. ამ ფინანსურმა მხარდაჭერამ ის დემოკრატების მთავარ სამიზნედ აქცია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის ტრამპთან ერთად ვაშინგტონში დაბრუნდა, რათა მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტისთვის ეხელმძღვანელა - პროექტისთვის, რომელიც ხარჯების შემცირებას ისახავდა მიზნად.

მედიის ცნობით, მასკმა 2025 წლის მაისში განაცხადა, რომ მომავალში პოლიტიკაზე გაცილებით ნაკლებს დახარჯავდა, მოგვიანებით კი ტრამპთან უთანხმოება მოუვიდა მისი მთავარი საგადასახადო და საშინაო პოლიტიკის კანონის გამო. თუმცა, მას შემდეგ მასკისა და ტრამპიის ურთიერთობა, როგორც ჩანს, გაუმჯობესდა და გასულ კვირას ტრამპმა მასკი მეცნიერების დარგში ეროვნული მედლით დააჯილდოვა.

 

 

 

 

დღის ამბები