საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" განაცხადა, რომ არასამთავრობო სექტორი, რადიკალური ოპოზიცია და ზოგიერთი უცხოელი დონორი საქართველოზე ზემოქმედებისა და ხელისუფლების ცვლილებისთვის შეთანხმებულად მოქმედებდნენ.
მისი თქმით, ეს პროცესი 2020 წლის არჩევნებზე გამოჩნდა, როდესაც ISFED-მა პარალელური დათვლის ყალბი შედეგები გაავრცელა, რაზე დაყრდნობითაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს.
"რა იყო ის გარდამტეხი მომენტი, როდესაც "ქართული ოცნებისთვის" და საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, რომ საქმე გვქონდა უკვე მცდელობასთან, რომ NGO სექტორი გამოყენებულიყო საქართველოზე, საზოგადოებაზე და ხელისუფლებაზე ზემოქმედების იარაღად. 2020 წელი, ტყუილად არ ვახსენე, 2020 წლის არჩევნები, გახსოვთ, ISFED-ის მიერ გაყალბებული პარალელური დათვლის შედეგები, სადაც ჩვენ ვნახეთ როგორ მოქმედებს შეთანხმებით NGO, ISFED, რომელმაც ყალბი შედეგები გაავრცელა და მიუხედავად იმისა, რომ მივუთითებდით მცდარ მონაცემებზე, უკან არ იხევდნენ. ეს აჩვენებს იმას, რომ მასთან ერთად შეკრული იყო რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც სწორედ ამ პარალელური დათვლის შედეგებზე დაყრდნობით ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს, ამ პროცესში და ამ შეთქმულებაში მონაწილეობდა დონორი USAID, რომელმაც უკვე დადასტურებით ვიცით, რომ იცოდა ამის შესახებ, რომ ეს იყო ყალბი მონაცემები და პირადად ჩვენ გვატყუებდა. მეც პირადად USAID-ის მაშინდელმა წარმომადგენელმა მომატყუა, რომ ყველაფერი სწორი იყო და თავისთავად იცოდა ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელმა ელჩმა ქალბატონმა დეგნანმა, ვინაიდან USAID გახლავთ სახელმწიფო ინსტიტუცია. რაც იცის USAID-მა, ის იცის ელჩმაც. ამიტომ ჩვენ მაშინ დავინახეთ ერთად შეკრული რადიკალური ოპოზიცია, NGO სექტორი და არა მხოლოდ ISFED, ყველა იყო ამაში ჩართული, ისინიც, ვინც გაჩუმდნენ მაშინ და ხმა არ ამოიღეს. ჩვენ მაშინ საიასაც და სხვა NGO-ებსაც ვესაუბრეთ, ვთხოვდით იმას, რომ ჩარეულიყვნენ და შეემოწმებინათ პარალელური დათვლის შედეგები, ყველამ ხელები დაიბანა, როგორც პილატემ და მიატოვა საქართველო საჯიჯგნად.
ანუ, ერთად შეთქმული იყვნენ რადიკალური ოპოზიცია, NGO, დონორი და ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ელჩი. მთავარი დასკვნა, რაც ჩვენ გამოვიტანეთ და დავინახეთ იყო, რომ ქვეყანაში გვქონდა სისტემა, რომლითაც უცხოური დაფინანსებით, ადგილობრივი ჩვენი მოქალაქეების გამოყენებით ხდებოდა უცხო დღის წესრიგის შემოტანა. ამ შემთხვევაში, 2020 წლის არჩევნების მიზანი იყო ხელისუფლების შეცვლა, ვინაიდან არჩევნებში დამარცხდა "ნაციონალური მოძრაობა", სცადეს რადიკალური დღის წესრიგით ხელისუფლების შეცვლა." - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იგივე განმეორდა 2024 წელს, ისევ ISFED-ის მონაწილეობით, რომელმაც ამ შემთხვევაში, საერთოდ არ გამოაქვეყნა პარალელური დათვლის შედეგები.
პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე გაიხსენა 2020 წლის შემდგომი მოვლენები, მათ შორის 2021 წელს, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოპარება. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს მოხდა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და ნათელია რისთვისაც - არეულობისა და დესტაბილიზაციისთვის.
"ამას მიყვა 2020 წლის შემდეგი მოვლენები - 2021 წელს სააკაშვილის შემოპარება საქართველოში, როდესაც ის რამდენიმე დღით ადრე იმყოფებოდა ბრიუსელში და შემდეგ გაჩნდა საქართველოში, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, გასაგებია რისთვისაც, არეულობის და დესტაბილიზაციისთვის და ვნახეთ მისი დაპატიმრების შემდეგ კვლავ ერთად შეკრული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც სააკაშვილის დახსნას ცდილობდა, NGO სექტორი, რომელიც ყალბ განცხადებებს აკეთებდა მაშინდელი სახალხო დამცველის ხელმძღვანელობით და თანამონაწილე იყო იმ სიყალბის, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობას ეხებოდა, ამაში ჩართული იყვნენ უცხოელები, შეგახსენებთ ევროპელი ელჩების, ევროკავშირის დღევანდელი ელჩის თაოსნობით დემარშს, აბსოლუტურად ყალბი საბაბით, რომ თითქოს სააკაშვილი კვდებოდა და ამას ეუბნებოდნენ იუსტიციის მინისტრს, რომ კვდება და იცოდეთ ის, რომ მოკვდება, მერე აღარაფერი გეშველებათო. გადმოგვეცით, გავიყვანთ ევროპაში და ვუმკურნალებთო - სინამდვილეში ეს გულისხმობდა, რომ უნდა გათავისუფლებულიყო სააკაშვილი." - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.