23 ივნისი 2021,   16:27
ვრცლად
ტრაქტორების ბიზნესდავაში ჩართული 13 კრიმინალური ავტორიტეტი აღკვეთ ღონისძიებას ელოდება - ისინი დუმილის უფლებას იყენებენ

მეწილეებს შორის დაწყებულ დავას, რომლის მოგვარებასაც კრიმინალური ავტორიტეტები ცდილობდნენ, ახლა სასამართლო განიხილავს. პირველი ინსტანცია  იმის გარკვევას შეეცდება, არის თუ არა კავშირში ქურდულ სამყაროსთან სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული 13 პირი. საგამოძიებო უწყება ამაში დარწმუნებულია და უტყუარ მტკიცებულებებზე საუბრობს. პროკურატურის პოზიციას ეჭვქვეშ აყენებენ ადვოკატები.

ადვოკატებს პრეტენზიები საგამოძიებო უწყებასთან  იმის გამოც აქვთ, რომ საქმის მასალები დაგვიანებით მიიღეს. საუბარია 8 ტომზე, რომელიც უფლებადამცველთა ნაწილს დღის მეორე ნახევარში გადასცეს, ამან კი დოკუმენტების სრულყოფილი შესწავლა შეუძლებელი გახადა.

ქურდულ სამყაროსთან დაცვის ქვეშ მყოფის კავშირს გამორიცხავს მამუკა ჭაბაშვილი. ადვოკატი რევაზ დათუნაშვილის უფლებებს იცავს. ბრალდებული ე.წ. კანონიერი ქურდის "გლეხოვიჩის" ნათესავია, მისი ინტერესების დამცველი ირწმუნება, რომ კრიმინალური ავტორიტეტისთვის დათუნაშვილს არ მიუმართავს.

დუმილის უფლებას იყენებს და ბრალდებას უარყოფს გიგა მჟავია. ახალგაზრდა მამაკაცი ერთ-ერთ მეწილესთან, გიორგი დალაქიშვილთან იყო დასაქმებული და შესრულებული სამუშაოსთვის კუთვნილი ანაზღაურება არ მიუღია. ადვოკატის თქმით, პრობლემის მოგვარების მიზნით მჟავიამ მეგობრებს მიმართა. მათ შორის კრიმინალური ავტორიტეტი არავინ ყოფილა, თუმცა მოხდა თუ არა თავის მხრივ, ამ პირთა ჯგუფის მიერ "კანონიერ" ქურდებთან დაკავშირება, ვერ აკონკრეტებს.

ოფიციალური ვერსიის მიხედვით, ქურდული გარჩევისთვის შეკრება ქართველი "კანონიერი" ქურდის შვილის, მევლუდ მახარობლიძის ორგანიზებულია. შეკრების ადგილი სოფელი დიღომი, ერთ-ერთი დაკავებულის სახლი იყო. საქმეში არსებობს სატელეფონო ჩანაწერები, სადაც ამ ადგილის დათმობის შესახებ, გარჩევაში კრიმინალური ავტორიტეტების ჩარევის, 80 000 ლარის და ასევე ტრაქტორის ამოღებაზეა საუბარი. საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი იმედა ჭუმბურიძეა, მეწილე, რომელიც თანხის დაბრუნებას მეუღლის განცხადებით, არ ითხოვდა და შეკრებაზე შემთხვევით აღმოჩნდა.

ქურდული სამყაროს წევრობა და მასთან კავშირი - ამ ბრალდებებით დაკავებულ 13 პირს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. რაც შეეხება საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტს, ზაალ მახარობლიძეს, მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობით დასჯადი ბრალი დაუსწრებლად დასდეს.

დღის ამბები