21 ოქტომბერი 2026,   23:32
ვრცლად
თურქული ლირა 15%-ით გაუფასურდა - როგორ აისახება ეს კრიზისი საქართველოზე

ორშაბათს თურქული ლირა, სულ მცირე, 15%-ით გაუფასურდა და ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. 

ეს მას შემდეგ, რაც რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მოულოდნელად გაათავისუფლა ცენტრალური ბანკის მმართველი ნასი აგბალი.

მის ნაცვლად თანამდებობაზე დაინიშნა საჰაპ კავჩიოღლუ, ყოფილი მმართველი პარტიის დეპუტატი, რომელიც იზიარებს ერდოღანის მოსაზრებას, რომელიც ჩრდილავს ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობას. 

ნაცი აგბალმა, რომელიც ერდოღანმა შაბათს გაათავისუფლა, ცენტრალური ბანკის მმართველის პოსტზე 5 თვეზე ნაკლები იმუშავა. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ამ მცირე ხნის განმავლობაში მან გადადგა კონკრეტული ნაბიჯები მზარდი ინფლაციის შესაჩერებლად. ბოლო ორ წელიწადში ერდოღანმა უკვე მესამე მმართველი გაათავისუფლა.

როგორ აისახება თურქეთის ეროვნული ვალუტის კრიზისი საქართველოზე? აღმოსავლეთმცოდნე, "სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის“ ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ თურქეთის ეკონომიკის ვარდნა საქართველოს ეკონომიკაზეც ნეგატიურ გავლენას მოახდენს. 

"ეს ძალიან სერიოზული ვარდნაა თურქეთის ეკონომიკისთვის. ეს სიტუაცია კი აუცილებლად უარყოფითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზეც - შემცირდება თურქეთში მომუშავე საქართველოს მოქალაქეთა მიერ გამომუშავებული და გადმორიცხული თანხები, იკლებს თურქული ინვესტიციები და ტურისტები.
მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო სხვა ფაქტორია დამაფიქრებელი: თურქეთის ეკონომიკური უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც ანკარამ დაიწყო დასავლეთისგან დისტანცირება და რუსეთთან დაახლოება, რასაც მოჰყვა დასავლური ინვესტიციების გადინება, დასავლური პროექტების გაყინვა, სანქციების დაწესება და ა.შ.

შედეგად, თურქეთის ეკონომიკა თითქმის განახევრდა (1 ტრილიონი აშშ დოლარიდან ჩამოვიდა და გახდა 652 მლრდ აშშ დოლარი), ასევე საგრძნობლად შემცირდა რიგითი მოქალაქეების შემოსავალი, გაუფასურდა თურქული ლირა, გაიზარდა უმუშევრობის დონე და ა.შ.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ არ ჩანს გამოსავალი, ანუ ვარდნა გაგრძელდება. რა შედეგები მოჰყვება ამ ყველაფერს, ეგ ცალკე საკითხია.
ქართველებს კი ამოცანა გვეკითხება: თუ ისეთი დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, როგორიც თურქეთია, ვერ უძლებს დასავლეთისგან დისტანცირებას და ყოველდღიურად უკან მიდის, რა შეიძლება დაემართოს საქართველოსა და მის ეკონომიკას?“ - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი.

დღის ამბები