29 სექტემბერი 2020,   11:16
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული ექიმების პროცესი გრძელდება - პროცესს სამი ბრალდებულიდან ერთი არ ესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს პროცესი, სადაც გადაწყდება დარჩებიან თუ არა პატიმრობაში ბრალდებული ექიმები. ადვოკატები ითხოვენ, რომ მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების არცერთი ფორმა გამოიყენოს. პროკურატურის ვერსიას დაკავებულები არ ეთანხმებიან.

ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს გულგრილობას, ხოლო ვახტანგ ყიფიანს თაღლითობას და უკანონო საქმიანობას ედავებიან. იგივე მუხლით ბრალი წარდგენილი აქვს ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას. ის საქართველოში არ იმყოფება და სასამართლო მის საქმეზე დაუსწრებლად მსჯელობს.

ბრალდების მხარე სამივე ბრალდებულის შემთხვევაში აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. ბრალდების მხარის მტკიცებით, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედებისა და კონკრეტული მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

სასამართლო პროცესს მედიკოსებიც ესწრებიან, რომლებიც დაკავებულ ექიმებს სოლიდარობას უცხადებენ. ასევე, პროცესზე იმყოფებიან  კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ნათია ცირეკიძის ოჯახის წევრები.

ნათია ცირეკიძის მამა მირზა ცირეკიძე "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ მის შვილს ოპერაცია არალიცენზირებულმა ექიმებმა ჩაუტარეს. ოჯახის მოთხოვნა კი სიმართლის დადგენა და დამნაშავეების დასჯაა.

"არალიცენზირებულმა ხალხმა ჩაატარა ეს პროცედურა. შეცდომა დაუშვეს. დატოვეს უჟანგბადოდ ანესთეზიოლოგმა და გამოიწვია ეს შედეგი. 

ოჯახის მთავარი მოთხოვნა არის პირველ რიგში სამართლიანობის აღდგენა, სიმართლე უნდა დადგინდეს და ჩემს მსგავსად სხვა ოჯახებიც არ დაზარალდნენ. ყველა დამნაშავე პირი უნდა დაისაჯოს, რადგან 20 თვის მანძილზე ვიმყოფებით ამ მდგომარეობაში. შემდეგში მოვითხოვ ყველა იმ მხარის მხარდაჭერას, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროდან," - აღნიშნა ნათია ცირეკიძის მამამ მირზა ცირეკიძემ.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს იურისტის ნუცა ბურდილაძის თქმით, იმის გამო, რომ ანესთეზიის ეტაპზე გართულდა პაციენტის მდგომარეობა, ბოლო ოპერაციაზე ქირურგიული ჩარევა ვეღარ განხორციელდა და საჭირო გახდა რეანიმაციული დახმარება.

"შესაბამისად, მეორე ოპერაციის ჭრილში ფიზიკურად იმის გამო, რომ ანეზთეზიის ეტაპს ვერ გასცდა ოპერაცია, ქირურგიული ჩარევა არ განხორიციელებულა.

საქართველოშიც მოღვაწეობდა როგორც ექიმი ანესთეზიოლოგი, შემდეგ იტალიაშიც მოღვაწეობდა და იტალიელ ჯგუფთან იყო ჩამოსული კონკრეტული პროექტის ფარგლებში, შესაბამისად, არ ვადასტურებთ იმ ინფორმაციას, რომ ის იყო ულიცენზიო საქმიანობა," - განაცხადა ნუცა ბურდილაძემ.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორ გიორგი ლობჟანიძეს სამსახურებრივ გულგრილობას, ხოლო ვახტანგ ყიფიანს თაღლითობას და უკანონო საქმიანობას ედავებიან, რაც შეეხება ექიმ მაგდა ხოჭოლავას, რომელიც იტალიის მოქალაქეა, მას ლიცენზიის გარეშე ანესთეზიოლოგიური და რეანიმატოლოგიური მომსახურების გაწევაში ედება ბრალი.

საქმე ეხება 25 წლის ქალს, რომელიც უკვე 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია. 2018 წლის სექტემბერში ჩატარებული ოპერაციის ავტორის კვალიფიკაციის შემოწმება გამოძიებამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ეს მოთხოვნა პაციენტის ოჯახმა დააყენა. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

დღის ამბები