08 აგვისტო 2020,   12:48
ვრცლად
ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების ნარკოტიკი - თბილისში დაკავებულ ცოლ-ქმარს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უვადო პატიმრობა ემუქრება

კორპუსის კიბის ქვედა ნაწილი ის ადგილია სადაც ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ცოლ-ქმარი ე.წ კლუბურ ნარკოტიკს გასაყიდად დებდა. დანაშაულებრივი სქემის მიხედვით ნარკოტიკული საშუალების ონლაინ მყიდველს თანხის სასურველ ანგარიშზე გადარიცხვის შემდეგ, შეძენილი ნარკოტიკი დაფასოებული და სპეციალურ ცელოფანში შეკრული, გურამიშვილის გამზირზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს კიბის ქვეშ ხვდებოდა.

ირკვევა, რომ დაკავებულები ნივთიერების რეალიზებას ონლაინ მაღაზიებითა და სოციალური ქსელის - ტელეგრამის მეშვეობით ახორციელებდნენ. დაკავებულებს ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვა ედებათ.

4200 აბი ე.წ. კლუბური ნარკოტიკი: ექსტაზი, მდმა, ჰაშიში და მარიხუანა, ასევე დიდი ოდენობით ნაღდი ფული: 7 200 აშშ დოლარი, 3 520 ევრო, 376 200 რუსული რუბლი, 585 თურქული ლირა და 200 ლარი. ეს იმ ამოღებული თანხებისა და ნივთიერებების ჩამონათვალია, რომელიც საგამოძიებო უწყებამ 2 ივლისს ცოლ-ქმრის დაკავების ოპერაციის დროს საცხოვრებელი სახლიდან ამოიღო. ამოღებული ნარკოტიკული საშუალება "შავ ბაზარზე" ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს, უწყებამ აღნიშნულს უპრეცედენტო რაოდენობა უწოდა.

აღიარებენ, თუ არა მძიმე ბრალდებას დაკავებულები უცნობია. უფლებადამცველი ინგა შარაშენიძე დღეს "კურიერთან" დაცვის ქვეშ მყოფების ინტერესებიდან გამომდინარე საქმის დეტალებზე ვერ საუბრობს.

გამოძიება გრძელდება. სავარაუდოდ მალე ცოლ-ქმარს აღნიშნული მძიმე ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლები კიდევ დაუზუსტდებათ და გასაღება-რეალიზების კვალიფიკაციაც დაემატება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოჯახს უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები