05 აგვისტო 2020,   17:36
ვრცლად
ბათუმში ინფიცირებულ სატვირთო ავტომობილის მძღოლთან კავშირში მყოფი 90 კონტაქტი უკვე მოძიებულია - COVID-19-ის ბოლო მონაცემები

ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლის მეზობლებს ბათუმში მკაცრი თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცათ. ლეონიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ეპიდემიოლოგები დღესაც იმყოფებოდნენ და პაციენტის პირდაპირ და ირიბ კავშირებს იკვლევდნენ.

სატვირთო ავტომობილის მძღოლთან კავშირში მყოფი 90 კონტაქტი უკვე მოძიებულია, ნაწილის მონაცემები გადამოწმდა და კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ყველა მათგანი სპეციალურ ზონაში 14 დღის განმავლობაში დარჩება. თავად სატვირთო ავტომობილის მძღოლი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ის წითელი ხიდიდან საქართველოში 2 ივლისს შემოვიდა და ოჯახში ერთი დღით იმყოფებოდა. რამდენიმე დღეში თურქეთიდან სარფის საბაჟოზე შემოსვლისას ტესტირება ჩაუტარდა და კოვიდ დადებითი აღმოჩნდა.

მძღოლის ინფიცირებული ოჯახის წევრები ბათუმიდან თბილისში გადმოიყვანეს. ისინი ბოჭორიშვილის კლინიკაში გადიან მკურნალობას. მათ შორის 10 თვის და 4 წლის ბავშვებიც, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბოჭორიშვილის კლინიკაში ყველაზე მეტი ინფიცირებული ბავშვი გადის მკურნალობას. სპეციალისტები ამბობენ, რომ ბავშვებში კოვიდ ინფექცია მსუბუქად ან საშუალო ფორმით მიმდინარეობს, თუმცა ზაფხულის პერიოდიდან გამომდინარე ბავშვებთან მიმართებაში მშობლებმა ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინონ. განსაკუთრებით საზღვაო კურორტებთან დაკავშირებით კორონავირუსის გადაცემის პოტენციური გზები ყოველთვის არსებობს. სპეციალისტების თქმით, სიფრთხილე მნიშვნელოვნია.

ქვეყანაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ბოლო დროს დადასტურებული შემთხვევების უმრავლესობა იმპორტირებულია და ინფიცირებულები სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ერთეული შემთხვევები არსებულ სიტუაცია ვერ შეცვლის.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 986-ს შეადგენს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 857-ია. კორონავირუსით ქვეყანაში 15 ადამიანი გარდაიცვალა. 

დღის ამბები