09 აგვისტო 2020,   12:55
ვრცლად
მიხეილ ჩხენკელმა სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი მოინახულა

განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და პრემიერის მრჩეველი სოზარ სუბარი მესტიაში ჩავიდნენ. მათ სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, წვირმისა და იფარის ტაძრები მოინახულეს.

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმს დიდი ხნის ისტორია აქვს. ის 1936 წელს დაარსდა და მასში დაცულია უნიკალური არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული მასალა, ძველი ქართული ხელნაწერების მდიდარი კოლექცია, რომელთა შორის განსაკუთრებულია ადიშის ოთხთავი და სახარების სხვა ხელნაწერები, ასევე ქართული ჭედური და ფერწერული ხელოვნების არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი.

მინისტრმა ასევე მოინახულა წვირმის მაცხოვრისა და იფარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრები, სადაც შუასაუკუნეების მდიდარი ქრისტიანული საგანძურია დაცული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი აცხადებს, რომ სვანეთში არსებული მუზეუმი განსაკუთრებულია და ყველასთვის შთამბეჭდავი იქნება, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც.

დღის ამბები