საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფერმერებთან შეხვედრისას შიდა და საერთაშორისო ტურიზმის გახსნაზე ისაუბრა. ეპიდემიოლოგიური ვითარების არაპროგნოზირებადობის მაგალითად გახარიამ მოიყვანა ისრაელი, სადაც ქვეყანა ტურისტული "მწვანე კორიდორის" გაკეთებას გეგმავდა, თუმცა მოულოდნელად კორონავირუსის ეპიდემიამ დიდი სიმძლავრით იფეთქა.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ვერანაირი ტურისტის მიღების ფასად ჩვენი ქვეყნის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტურიზმიდან შემოსული, იმპორტირებული ინფიცირება შემდგომ ქვეყანას შესაძლოა იმდენი დაუჯდეს, რომ არანაირი ფასი იმ ტურისტს არ ექნება. ამიტომ, ფრთხილი, გონივრული ნაბიჯები როგორც ეპიდემიოლოგიური რისკების დასაზღვევად, ასევე, ეკონომიკის აღსადგენად არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ყველამ ერთად გავიაროთ სამშვიდობოს ეს ყველაფერი.
ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია საქართველო, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ, ფრთხილად და უსაფრთხოდ, ადამიანზე ზრუნვით ვძლევთ ამ გამოწვევას. თუმცა, ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ ბოლომდე და არ უნდა გამოვეკიდოთ მაღალი რისკის შემცველ იდეებს,"- განაცხადა გახარიამ.