პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ანტიკრიზისულ ბიუჯეტთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებს. მისი თქმით, ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიაში შეცვლილია ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი.
"კორექტირებულ ვერსიაში შეცვლილია ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი. ხარჯვითი ნაწილი, ასიგნებები აღწევს 15 მილიარდ 923 მილიონს. ბიუჯეტში ჩადებულია ყველა ის პროგრამა, რომელიც დაკავშირებულია კორონავირუსთან, აქედან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის და სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული. მაკროეკონომიკური პარამეტრები არის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა -4%-ით და ასევე, დეფიციტი 8.5%,"-განაცხადა კოვზანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტზე პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები დღეიდან იწყება.
COVID -19-ის გამო 14,5 მილიარდის ნაცვლად, წელს თითქმის 16 მილიარდი დაიხარჯება. პანდემიამ ეკონომიკის ზრდის ტემპიც შეაჩერა - პროექტის მიხედვით, 2020 წელი მინუს 4 %-იანი ეკონომიკის ზრდით დასრულდება. 6%-ზე მეტით პროგნოზირებენ ექსპორტის შემცირებას. 2,5 დან 8, 5 პროცენტამდე გაიზრდება ბიუჯეტის დეფიციტი. შემცირებულია შემოსავლებიც - მილიარდ 800 მილიონით და ხარჯები 600 მილიონით.
პარლამენტში ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვის დასრულებას თვის ბოლოსთვის ვარაუდობენ.