03 ნოემბერი 2026,   21:54
ვრცლად
გაძვირდება თუ არა ბინები თბილისში - "საქართველოს მენაშენათა ასოციაციის" ხელმძღვანელის განმარტება

"საქართველოს მენაშენათა ასოციაციის" ხელმძღვანელი, არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი "დღის კურიერის“ წამყვანის კითხვაზე, ხომ არ გაძვირდება ბინები, პასუხობს, რომ ფასი დამოკიდებულია კონკრეტულ პროექტზე.

როსტომაშვილის თქმით, ფასს ბაზარი არეგულირებს.

"ვერ გეტყვით. ეს არის დამოკიდებული კონკრეტულ პროექტზე. თბილისში დღეს შენდება 200-ზე მეტი სხვადასხვა ობიექტი. სხვადასხვა ხარისხის, სხვადასხვა მდებარეობის, სხვადასხვა ტიპის. ამას ბაზარი არეგულირებს, მაგას ვერავინ ვერ იტყვის, ანუ ეს წესები ყველაზე თანაბრად ვრცელდება. რაღაცა მოთხოვნადი იქნება, რაღაცა ნაკლებად მოთხოვნადი იქნება. რაღაცა არ იქნება მოთხოვნადი და სწორედ მაგ შემთხვევაში არის, როცა სახელმწიფო ამბობს, ვთქვათ, 1700-იანი ლიმიტი დაწესდა, რომელიც საშუალებას მისცემს, რომ რაღაცნაირად ისეთ დონეზე გაყიდოს, რომ ვალდებულება შეასრულოს. ამის უკან დგას ის ხალხი, რომლებსაც ბინები შეძენილი აქვთ და ისინიც არანაკლები გადამხდელები არიან გადასახადის," - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.

დაახლოებით 2 კვირაში მოქალაქეები უკვე შეძლებენ ბინის ყიდვას სახელმწიფოს სუბსიდირებით. ბიუჯეტიდან 70 მილიონია გათვალისწინებული იმ პირებისთვის, ვინც წლის ბოლომდე ბინას შეიძენს. ამ თანხით  იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტი დაფინანსდება 5 წლის ვადით. ასევე სახელმწიფო იპოთეკური სესხის 20 პროცენტის გარანტორი ხდება და ამისთვის 14 მილიონია გამოყოფილი. პარალელურად, ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ვერ გაყიდიან მათ საკუთრებაში არსებული ბინების 30 პროცენტს, უძრავ ქონებას მათგან სახელმწიფო გამოისყიდის, ამისთვის შექმნილია 200 მილიონიანი ფონდი, ბინებს დევნილებს დაურიგებენ. 1 800 დევნილი ოჯახი 3 წლით ადრე მიიღებს ბინებს და ამისთვის დამატებით გამოყოფილია 150 მილიონი.

დღის ამბები