02 ნოემბერი 2026,   20:27
ვრცლად
პანდემიის პერიოდში რა ბინებიც გაიყიდა, შერჩეული და დაკონტრაქტებული იყო წინა პერიოდში - მენაშენათა ასოციაციის ხელმძღვანელი

საქართველოს მენაშენათა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი როსტომაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ პანდემიამ სამშენებლო სექტორსაც მიაყენა დარტყმა, თუმცა ამის შედეგი მოგვიანებით გამოჩნდება. კითხვაზე, რატომ გახდა საჭირო სექტორის დაფინანსება მაშინ, როდესაც პანდემიის პერიოდში ბინების გაყიდვის რიცხვი არ შემცირებულა, როსტომაშვილმა უპასუხა, რომ ამ პერიოდში იმ ბინების გადაფორმება მოხდა, რომლის შესყიდვის პროცესიც 2019 წლის ბოლოს ან 2020 წლის დასაწყისში დაიწყო. 

"პანდემიის დროს ბინების შეძენის ტრანზაქციები არ შემცირდებოდა მარტივი მიზეზის გამო - ახლა ხდებოდა გაყიდვა და გადაფორმება იმ ბინების, რომელიც შერჩეული იყო 2019 წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში. შესაბამისად, ეს პრობლემა, თუ რაღაც არ მოხერხდა, თავს იჩენს შემოდგომაზე. ანუ, ბინის შეძენა საკმაოდ ხანგძლივი პროცესია. ისე არ ხდება, რომ ადამიანმა უცებ გადაწყვიტოს ბინის ყიდვა. ოჯახი, ვისაც ამის საშუალება აქვს, წლების განმავლობაში ემზადება და ეს პროცესი, ბინის შერჩევა და ბანკთან მოლაპარაკება თვეები იწელება.

ახლა ბინები რაც გაიყიდა, არის შერჩეული და დაკონტერაქტებული წინა პერიოდში. ახლა არ ხდება ახალი ბინების შერჩევა, რომლის გაყიდვები არ მოხდება 2-3 თვეში,"-განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.

დაახლოებით, 2 კვირაში მოქალაქეები უკვე შეძლებენ ბინის ყიდვას სახელმწიფოს სუბსიდირებით. ბიუჯეტიდან 70 მილიონია გათვალისწინებული იმ პირებისთვის, ვინც წლის ბოლომდე ბინას შეიძენს. ამ თანხით  იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტი დაფინანსდება 5 წლის ვადით. ასევე, სახელმწიფო იპოთეკური სესხის 20 პროცენტის გარანტორი ხდება და ამისთვის 14 მილიონია გამოყოფილი. პარალელურად, ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ვერ გაყიდიან მათ საკუთრებაში არსებული ბინების 30%-ს, უძრავ ქონებას მათგან სახელმწიფო გამოისყიდის, ამისთვის შექმნილია 200 მილიონიანი ფონდი, ბინებს დევნილებს დაურიგებენ. 1 800 დევნილი ოჯახი 3 წლით ადრე მიიღებს ბინებს და ამისთვის დამატებით გამოყოფილია 150 მილიონი.

დღის ამბები