პარტია "გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, შედეგის მომტანი არის სოციალური დისტანცია და ჰიგიენის დაცვა, დანარჩენი შეზღუდვების უმრავლესობა კი საღ აზრს არის მოკლებული და ქვეყანას აზიანებს. გირჩის ლიდერი მიიჩნევს, რომ არანაირი ანტიკრიზისული გეგმა საჭიროა არაა და იმ პოლიტიკოსებს რომლებიც მსგავსი ინიციატივებით გამოდიან მატყუარებს უწოდებს. ზურაბ ჯაფარიძემ "ღამის კურიერში" იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელიც ქვეყნის წინსვლისთვისაა საჭირო. მისი თქმით, ეს ნაბიჯები იყო გადასადგმელი კრიზისამდეც და გადასადგმელია დღესაც:
"ფინანსთა მინისტრი საუბრობდა, რომ მაისის მეორე ნახევრიდან დავიწყებთ გახსნასო, ახლა კარგად თუ ჩავიკეტებითო, ამისი შინაარსი არ მესმის, მაისი მეორე ნახევარში რა ხდება? ვაქცინა იქნება? - არ იქნება. წამალი იქნება?- არ იქნება. დათბება და მოკლავს ვირუსს? - არავის ამის მოლოდინი არ აქვს იმიტომ, რომ არსებობს თბილი ქვეყნები, სადაც გავრცელებული. ჩავიკეტებით ისე რომ ვირუსს გავაქრობთ საერთოდ?...
ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ლაპარაკობს ანტიკრიზისულ გეგმაზე, ჩემი აზრით, არის მატყუარა. არანაირი ანტიკრიზისული გეგმის აუცილებლობა არ არსებობს. ეკონომიკა არ არის ისეთი მეცნიერება, რომ კრიზისულ მდგომარეობაში ასე უნდა მოიქცე და არაკრიზისულში ასე. ორჯერ ორი ოთხია არაკრიზისულ მდგომარეობაშიც და კრიზისულშიც. კონრკეტული ნაბიჯები, რომელიც გადასადგმელია, გადასადგმელი იყო მანამდეც, ახლა უბრალოდ უფრო მწვავედ დგას, ესაა, რომ ქონება არის დასაბრუნებელი ადამიანებისთვის, გადასახადები არის დასაწევი და მთავრობის ხარჯები მნიშვნელოვნად შესაკვეცი, ლარი არის გასაუქმებელი და ადამიანებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ რა ვალუტაც უნდათ ის გამოიყენონ, სასამართლოს რეფორმა არის გასატარებელი - ეს ნაბიჯები იყო გადასადგმელი მანამდეც, არის დღესაც და იქნება გადასადგმელი ხვალაც, თუ მანამდე არ გადაიდგა," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.