24 ნოემბერი 2020,   19:11
ვრცლად
საქართველოსთვის განკუთვნილი 200 000 სწრაფი ტესტი უკან გააბრუნეს - მიზეზი ჩინური კომპანიის ეჭვებია

პირველი, რაც დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გავიგეთ ისაა, რომ თბილისში მომავალი 200 000 სწრაფი ტესტი უკან გააბრუნეს. მიზეზი თავად ჩინური კომპანიის ეჭვებია, რომელმაც საკუთარ პროდუქტში წუნი აღმოაჩინა და ბაზრიდან ტესტების გამოწვევის შესახებ ნოტა გაგზავნა.

ცნობა ამის შესახებ საქართველოსთან ერთად სხვა მომლოდინე სახელმწიფოებმაც მიიღეს, რომლებიც თბილისის მსგავსად სანდო ტესტების შერჩევის პროცესში არიან.

კომპანია "ბიო ოზთან" ხელშეკრულება ანულირებულია, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა კომპანიებთანაც, თუმცა ამ ეტაპზე პრობლემას ის ქმნის, რომ სწრაფ ტესტებს სანდოობაზე ტესტირება თავადვე სჭირდებათ.

ლუგარის ლაბორატორიამ სანდოობა ჯერჯერობით მხოლოდ 4 ასეთ კომპანიას გამოუცხადა. ჯანდაცვაში კონკრეტული ტესტების გამოყენების დაშვებაზე მოთხოვნები უკვე შევიდა, თუმცა მათზე ჯერ ნებართვა უნდა გაიცეს. კერძო კომპანიების ნაწილი მათი ბინაზე მიტანის სერვისზე მუშაობს. უწყებათაშორის საბჭოში კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ კახეთის გარდა თითოეულ რეგიონში ე.წ. "ცხელების ცენტრები" იქმნება - ადგილები, რომლებსაც საეჭვო სიმპტომების პაციენტები კორონავირუსის დროული პრევენციისთვის მიაკითხავენ.

საგანგებო ზომებისთვის ემზადებიან პენიტენციური დაწესებულებები, სადაც განსაკუთრებული რეჟიმისთვის 3 აპრილამდე გახანგრძლივებული ვადა დიდი ალბათობით კიდევ გაგრძელდება. ძალაში რჩება პაემნების აკრძალვა, ახალი პატიმრების ძველ კონტიგენტთან შესვლა კარანტინის გავლის გარეშე და სასამართლო პროცესების ჩატარება. 95 პროცესი ონლაინ რეჟიმში უკვე განხორციელდა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, მომავალ კვირას თეა წულუკიანი ზომებს გაამკაცრებს და გეგმას წარადგენს.

პარალელურად, მთავრობა დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგს ამკაცრებს, მათ შორის მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინო ზონებში. სულ უფრო ხშირად ისმის შეკითხვა იმის თაობაზე, გასცდება თუ არა კარანტინი ამ ზომებს და მიიღებს თუ არა საყოველთაო ხასიათს. საბჭოს წევრთა ნაწილი ამაზე უკვე საუბრობს, თუმცა აღმასრულებელ შტოს ეს ინფორმაცია დღეს არ დაუდასტურებია.

დაავადებათა კონტროლის ცენტის ხელმძღვანელის მოადგილეს დღეს მოქალაქეებთან სხვა გზავნილიც ჰქონდა. მოწოდებები გრძელდება, ამჯერად უფრო მეტი კონკრეტიკითაც.

ძალაშია შეპირება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების თაობაზეც. ისინი კი, ვინც გეგმიურ ოპერაციებს ელოდებიან, 4 თვით მოლოდინის რეჟიმში მოუწევთ ყოფნა და ამ პერიოდის მანძილზე გადანაწილდებიან.

დღის ამბები