09 ივლისი 2020,   21:47
ვრცლად
კარანტინში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა იზრდება - მათ უმრავლესობას მოგზაურობის ისტორია აქვს

იტალიიდან სპეცრეისით ჩამოსული მოქალაქეების 14-დღიანი კარანტინი დასრულდა. 156 პირი, რომელიც საქართვლოში 10 მარტს ჩამოიყვანეს, სპეციალური შემოწმების შემდეგ თბილისსა და წყალტუბოში იზოლირებულ სივრცეში მოათავსეს და 2 კვირა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ. რომი-თბილისის სპეციალური რეისით სამშობლოში ჩამოსული მოქალაქეები დღეს საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ.

პარალელურად, მაინც იზრდება კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა. სპეციალურ ზონებში ადამიანების უმრავლესობას მოგზაურობის ისტორია აქვს, ნაწილს კი ამ პირებთან ირიბი თუ პირდაპირი კონტაქტი.

თბილისში საკარანტინო სივრცეში 100-ზე მეტი ადამიანია.

2 000-მდე ადამიანია დაკვირვების ქვეშ დასავლეთ საქართველოში. აჭარის რეგიონში 15 სპეციალური ზონაა, სადაც დახლოებით 1500 პირი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 100-მდე მოქალაქეა. 

ამ ეტაპზე ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არც ერთს არ აქვს. 

5 სპეციალური ზონაა სამეგრელო-ზემო სვანეთში - 2 მესტიაში, 2 ანაკლიაში და 1 განმუხურში , სადაც 100-მდე პირია დაკვირვების ქვეშ. მათ შორის ის 9 ადამიანი, რომელიც გურიის რეგიონიდან გადმოიყვანეს. საუბარია მარნეულის მკვიდრებზე , რომლებიც ოზურგეთში ინერტული მასალების მომპოვებელ კომპანიაში მუშაობდნენ . თუმცა ვიდრე მარნეული და ბოლნისი სპეციალურ ზონად გამოცხადდებოდა, ამ პირებმა ტერიტორია 1 საათით ადრე დატოვეს. კომპანიის დირექტორმა შესაბამისი ზომები მიიღო. რისკის ქვეშ მყოფ მოქალაქეებს იზოლაციაში 2 კვირა დააკვირდებიან ანაკლიაში. 

ანაკლიის კარანტინიდან დღეს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 1 პირი დაბალი ტემპერატურით გადაიყვანეს ,თუმცა ექიმების ინფორმაციით, პაციენტს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აქვს და მას ისევ უკან, სპეციალურ ზონაში დააბრუნებენ.

ამასთან, სამეგრელო - ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში 401 ადამიანი რჩება.

მარნეულის 30 მკვიდრი შეიყვანეს იმერეთის საკარანტინო ზონაში. მოქალაქეები ჩინური კომპანიის თანამშრომლები არიან და მარნეულიდან საჩხერეში 5 დღის წინ ჩავიდნენ. უსაფრთხოების მიზნით, ისინი იზოლაციაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. იმერეთის საკარანტინო ზონაში 385 ადამიანია , იმდენივეა თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობაც. ექიმების ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანმა კარანტინი უკვე დატოვა.

ამ დროისთვის გურიის რეგიონში თვითიზოლაციაში 89 ადამიანი რჩება, მათგან ოზურგეთში 33, ჩოხატაურში 14, ხოლო ლანჩხუთში - 51 .

დღეისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში დაკვირვების ქვეშ 51 პირი იმყოფება. აქედან 43 სამხედრო მოსამსახურეა და 17 სამოქალაქო პირი. 

კახეთში თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი ადამიანების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია. 8 საკარანტინო ლოკაციაზე 530 მოქალაქეა, თვითიზოლაციაში 465. ხოლო, მეთვალყურეობის ვალდებულება 18-ს მოეხსნა. 3 პირი თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის თბილისში გამოიყვანეს. 

ეთნიკურად აზერბაიჯანულ დასახლებაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ყველა საეჭვო შემთხვევას იკვლევენ. საქართველოს მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 4 ათასზე მეტი ადამიანი რჩება. 

დღის ამბები