24 ნოემბერი 2020,   20:13
ვრცლად
როგორია ცხოვრება მკაცრი კარანტინის პირობებში - მარნეულსა და ბოლნისში შემსვლელებს სამართალდამცველები აკონტროლებენ

12 ერთეულად დაყოფილი 2 მუნიციპალიტეტის ყველა მისადგომთან ისევ ჯარი დგას. ძალოვან უწყებებს მარნეული და ბოლნისი მკაცრ რეჟიმზე ჰყავთ. ახალი რეალობა ადგილობრივების ყოველდღიურობად იქცა იქამდე, ვიდრე კორონავირუსის გავრცელების ტემპი ქვემო ქართლში არ გაკონტროლდება. 

ერთი კონკრეტული პაციენტის დამალული ისტორიის გამო ადგილობრივებს საკუთარ ტერიტორიაზე გადაადგილება პასპორტებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გარეშე აეკრძალათ. ხოლო მას, ვინც ოფიციალურად ვერ დაადასტურებს, რომ რისკზონაში ცხოვრობს, პირველივე გამშვები პუნქტიდან უკან აბრუნებენ. 

ყველას, ვინც ამ ბლოკპოსტს გაივლის, ექიმები ამოწმებენ. იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა ან ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები გამოუვლინდათ, პირველადი სამედიცინო დახმარება საველე პირობებში მოწყობილ კარავში უტარდებათ. მათ შორის ამოწმებენ ექიმებსაც, რომლებიც მკაცრი რეჟიმის ამოქმედების მიუხედავად, რისკზონაში პაციენტების დასახმარებლად შედიან. 

მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ეკონომიკური საქმიანობა თითქმის გაჩერებულია. იქ მყოფი ადამიანებისთვის კი მუშაობს მხოლოდ აფთიაქები, სასურსათო ობიექტები და სამედიცინო დაწესებულებები. მათი მომარაგება შეუფერხებლად მიმდინარეობს. 

მკაცრი კონტროლის მიუხედავად, არსებობენ პირები, რომლებიც წესებს არ ემორჩილებიან. 2 ასეთი ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტრომ პასუხისგებაში უკვე მისცა. სხვა პირების გამოსავლენად კი მუშაობა ისევ გრძელდება.

შინაგან საქმეთა მინისტრი რეგიონში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ამბობს, რომ პოლიცია ახლაც და მომავალშიც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად იმოქმედებს. 

შინაგან საქმეთა მინისტრმა კომენტარი მარნეულიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა. იქ ცენტრალური ტელევიზიების წარმომადგენლებს მუშაობის უფლება არ აქვთ. ადგილობრივი მედიასაშუალებები კი ავრცელებენ კადრებს, როგორია ცხოვრება მკაცრი კარანტინის გამოცხადებიდან მეორე დღეს. 

საავტომობილო გზის ერთ კონკრეტულ მონაკვეთს იყენებენ სავაჭროდაც. საგუშაგოს გავლით ზოგს დღეს ქვეყნის დატოვება უნდოდა, ზოგი კი  სხვა ქვეყნიდან შემოვიდა. მათი ნაწილი გააჩერეს და გადაადგილების საშუალება აღარ მისცეს. არავინ იცის, როდის მოიხსნება ეს შეზღუდვა. 

ორ მუნიციპალიტეტში მუშაობს ათობით მობილური ჯგუფი, რომელსაც აღრიცხვაზე აჰყავს ადამიანები, რომელთაც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ. რამდენიმე სატვირთო ავტომობილის მძღოლს გადაადგილების დროს დაუფიქსირდა ტემპერატურა, რის გამოც განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანეს. 

მარნეულთან და ბოლნისთან დამაკავშირებელი ცენტრალურის გარდა, მკაცრად კონტროლდება მეორეხარისხოვანი გზებიც. თავდაცვის ძალების მიერ შემოვლითი გზების 10-მდე მარშრუტზე ასევე ხორციელდება პატრულირება და ოპერაციის რაიონის ტექნიკური თვალთვალის საშუალებით კონტროლი, მათ შორის, დრონების გამოყენებითაც. 

ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ  ჩვეულ რიტმს მალე დაუბრუნდებიან. იქამდე კი ცხოვრებას განაგრძობენ ახალ და მკაცრ რეალობაში.

დღის ამბები