06 დეკემბერი 2020,   03:35
ვრცლად
კორონავირუსით დაინფიცირებული მეცამეტე ადამიანის ოჯახის წევრები იზოლირებულები არიან

კორონავირუსით ინფიცირების მე-13 შემთხვევა საჩხერის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. ეს ქვეყნის შიგნით ინფიცირების მეორე შემთხვევაა. ექიმების თქმით, COVID-19-ის მატარებლის ოჯახის წევრების გამოკვლევა და იზოლირება უკვე მოხდა, სხვა საკონტაქტო წრე კი კვლავ დგინდება. საჩხერის საავადმყოფოში, ინფიცირებულთან ერთად, ექიმების დაკვირვების ქვეშ კიდევ ერთი პირი იმყოფება, რომელსაც კორონასთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატებში, ექიმების ინტენსიური დაკვირვების ქვეშ, ამ დრომდე რჩება 39 ადამიანი. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ 22 პაციენტს ვირუსი არ დაუდასტურდა. დარჩენილი პაციენტების ანალიზის პასუხები კი უახლოეს საათებში გახდება ცნობილი. ინფექციურის კლინიკური დირექტორის განმარტებით, COVID-19-ის მატარებელი თორმეტივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ გადაყვანილი სამივე პირის ანალიზმა. ამ დროისთვის, ქუთაისში ბოქსირებულ პალატაში არც ერთი პაციენტი აღარ იმყოფება. ექიმების თქმით, ისინი მკურნალობას სახლებში განაგრძობენ.

ორი დღის განმავლობაში 57 პაციენტიდან 26-მდე შემცირდა ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ექიმების განცხადებით, რესპუბლიკურიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანა მხოლოდ ორ ადამიანს დასჭირდა. კლინიკაში დარჩენილი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, უმეტეს შემთხვევაში, უმჯობესდება.

COVID-19-სგან დასაცავად პრევენციული სამუშაოების ჩატარების შესახებ დღეს ინფორმაცია ინფრასტრუქტურის სამინისტრომაც გაავრცელა. უწყების განმარტებით, ჩინეთის ყველა მოქალაქემ, რომელიც საგზაო მშენებლობებზეა დასაქმებული, საკარანტინო პერიოდი ვირუსის ნიშნების გამოვლენის გარეშე გაიარა. კორონავირუსის გამო, ინტენსიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო დაწესებულებების დეზინფექციაც. სპეციალური ხსნარით უკვე დამუშავდა 1500-ზე მეტი საჯარო სკოლა. ჯერჯერობით, უცნობია, გახანგრძლივდება თუ არა სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 13 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ამ დრომდე ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 128, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 59 მოქალაქე იმყოფება.

დღის ამბები