06 დეკემბერი 2020,   03:34
ვრცლად
COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობა უცვლელია - როგორ ებრძვის საქართველო კორონავირუსის გავრცელებას

COVID-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა ისევ უცვლელი რჩება. კორონავირუსის დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული სამივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

უარყოფითი პასუხები დაფიქსირდა ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გაგზავნილი ანალიზებთან დაკავშირებითაც.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებისთვის კიდევ ერთ ახალ რეკომენდაციას ავრცელებს. კომერციულ ბანკებს მიმართავს, ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას ნაღდი ფულის გამოყენებისგან თავის შეკავება ურჩია, რადგან მისი თქმით, ფულის ბანკნოტები, შესაძლოა, დაავადების გავრცელების წყაროდ იქცეს.

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობისგან განსხვავებით, ყოველდღიურად იცვლება და იზრდება კორონავირუსის შესაძლო შემთხვევების რაოდენობა, რომელთა რიცხვი უკვე 200-ს გასცდა. ლაბორატორიულად დადასტურებული ფაქტები სპეციალისტებს აძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ქვეყანაში საგანგაშო არაფერია. ყველა სამედიცინო დაწესებულება და უწყება მუშაობს, რომ მსოფლიოში გავრცელებული ვირუსის ტემპი საქართველოს მოქალაქეებზე ნაკლებად აისახოს. ამაზე მოწმობს ისიც, რომ ყველა შემთხვევაში COVID-19, კონკრეტულმა პირებმა რისკ-ჯგუფის ქვეყნებიდან შემოიტანეს.

ვირუსთან ბრძოლის ყველაზე დიდი გამოცდილება ჩინეთს აქვს. სწორედ ამის გამო,  ტელეხიდით ქართველმა და ჩინელმა სპეციალისტებმა ინფორმაციები გაცვალეს და ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება - ვინ და რა გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნებში ვირუსის შიდა გავრცელების რიცხვი მინიმალური იყოს.

სწორედ სხვა ქვეყნების გამოცდილებით, საქართველოს მთავრობამ ახალი ვებგვერდიც შექმნა,  სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ გაიგონ, რა ღონისძიებები გატარდა თბილისსა და რეგიონებში პრევენციისთვის. გარდა ამისა, ექნებათ პირდაპირი წვდომა იმ რეკომენდაციებთან, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გასცემს.

ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო ზონაში 150 ადამიანი იმყოფება. მათი უმრავლესობის საეჭვო გარემოება, მოგზაურობის ისტორიაა, რომელიც რისკ-ჯგუფის ქვეყნებს უკავშირდება. ასეთ პაციენტებზე დაკვირვება ისევ გრძელდება. დღესაც, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში იტალიიდან ჩამოსული კიდევ ერთი ადამიანი შეიყვანეს, რომელიც საქართველოში 25 თებერვალს დაბრუნდა, მაღალი ტემპერატურა კი გუშინ დაუფიქსირდა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის აზერბაიჯანის ორი მოქალაქე. დაკვირვება გრძელდება გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფ 16 პაციენტზე. ორივე დაწესებულებაში საერთო სურათით მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სტაბილური მდგომარეობის მიუხედავად, სპეციალისტების პროგნოზი დამაიმედებელი არ არის. ისინი ფიქრობენ, რომ მაღალი ალბათობით კორონავირუსის დადასტურებული ფაქტების რაოდენობა გაიზრდება და აუცილებელია სახელმწიფოსთან ერთად პასუხისმგებლობა მოქალაქეებმაც აიღონ.

ვირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვადასხვა სახელწიფო უწყებებში. 24-საათიან რეჟიმში მორიგეობენ ექიმები სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და აეროპორტებში დადგმულ სპეციალურ კარვებშიც, სადაც საეჭვო პაციენტებს პირველადი დახმარება უტარდებათ.

დღის ამბები