27 იანვარი 2021,   02:13
ვრცლად
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 16 მარტამდე შეწყდა

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2-კვირიანი არდადეგები გამოცხადდა, ამის შესახებ "რუსთავი 2"-ს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს. 

მათი ინფორმაციით, კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო, საჯარო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი, სკოლების მსგავსად, 2 მარტიდან 16 მარტამდე შეწყდება.

გადაწყვეტილება თბილისის მერიაში სამუშაო შეხვედრაზე მიიღეს.

"მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღში სახელმწიფო სტანდარტების მიხედვით ტარდება შესაბამისი სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები, ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დროებით შევაჩეროთ სააღმზრდელო პროცესი," - აცხადებენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში. 

მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიას განმარტებით, თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური სრულად არის მობილიზებული და გათვალისწინებულია სპეციალისტთა რეკომენდაციები.

“ჩვენ გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია და ვართ სრულ კოორდინაციაში, როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე, ყველა სხვა უწყებასთან. მიღებული გვაქვს რეკომენდაციები და ინსტრუქციები, რომელთა ფარგლებშიც, ტარდება სხვადასხვა სახის საპროფილაქტიკო ღონისძიება ბაგა-ბაღებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სახელოვნებო სკოლებში, სერვის ცენტრებში. ასევე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოცხადდეს არდადეგები ბაღებში და სახელოვნებო სკოლებში 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით. მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ კორონავირუსის საპროფილაქტიკოდ თბილისის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას მიმართავს”, -განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, შექმნილია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და თბილისის მერია კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და შესაბამის უწყებებთან.

დღის ამბები