27 იანვარი 2021,   08:59
ვრცლად
ლაგოდეხის მერი ინტერნეტსივრცეს იპყრობს - ჯონდო მდივნიშვილი ყველაზე პოპულარული საჯარო მოხელე ფოტოშოპის წყალობით გახდა

ქართული სოციალური ქსელის ყველაზე პოპულარული საჯარო მოხელე - ლაგოდეხის მერი ინტერნეტსივრცეს იპყრობს.

საუბარია იმ ფოტოზე, სადაც ჯონდო მდივნიშვილი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფონზეა ფოტოშოპით არის ჩასმული.

მოქალაქე სერგი ბერიანიძე, რომელმაც ფოტო გაავრცელა, წერდა, რომ მერმა ვერ მიუსწრო გზის დაგების პროცესს და ფოტომონტაჟი საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, მოგვიანებით კი წაშალა.

შეკითხვაზე, არის თუ არა პირველად გამოქვეყნებული ფოტო დამონტაჟებული, ლაგოდეხის მერი მედიას პასუხობს, რომ მსგავს საკითხებზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული სხვადასხვა ფოტომონტაჟისა და საზოგადოების დიდი გამოხმაურების შემდეგ, მერმა ერთ-ერთი ლოკაციიდან, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ფეისბუქით პირდაპირი ჩართვაც კი განახორციელა, მაგრამ ამან, კიდევ უფრო მეტი მუხტი მისცა ვირუსულად გავრცელებულ კამპანიას.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის საუბრობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომელიც მისი თქმით, განსაკუთრებული და მასშტაბური პროექტია.

"ჩვენ ვიმყოფებით შრომით ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ეს პროექტი თავისი მოცულობით არის განსაკუთრებული. მსგავსი ტიპის პროექტები იშვიათად ხორციელდება ჩვენს მუნიციპალიტეტში. ძალიან კარგად დაიწყო 2020 წელი და დარწმუნებული ვარ, ასევე დასრულდება ეს წელი,"- აცხადებს ჯონდო მდივნიშვილი.

დღის ამბები