27 იანვარი 2021,   01:31
ვრცლად
კორონავირუსის საფრთხე საქართველოსა და მსოფლიოსთვის - საქართველო კვლავ "მწვანე ზონაშია"

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ჩინეთის ორ მოქალაქეს, რომლებიც დღეს მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს, შესაბამისი კვლევებით კორონავირუსი არ დაუდგინდა. 

ორივე პაციენტი ჩინეთის ქალაქ ჩენდუდან საქართველოში თებერვლის დასაწყისში ჩამოფრინდა. რამდენიმე დღე ახმეტის რაიონში, ჰესის მშენებლობაზე მუშაობდნენ, თუმცა ერთ კვირაში, მდგომარეობის გართულების შემდეგ, მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. "კურიერის" გადამღები ჯგუფი მშენებლობის ადგილზე ჩავიდა და გაარკვია, რომ ჩინეთის სხვა მოქალქეებს, რომელიც ადგილზე სამუშაოებს აწარმოებენ, ამ ეტაპზე, ვირუსული სიმპტომები არ აღენიშნებათ.

ახალგაზრდა ჩინელი მამაკაცების გარდა ინფექციურ საავადმყოფოში 2 პაციენტი რჩება, რომელთაც სეზონური გრიპი დაუდგინდათ. პაციენტების უმრავლესობა სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაეწერა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, საქართველო კორონავირუსის გავრცელების ყველაზე დაბალი რისკის ქვეშ იმყოფება, თუმცა ქვეყანა ლაბორატორიული თვალსაზრისით უკვე მზად არის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს მთლიანად აკმაყოფილებს.

დახმარებას ითხოვს ჩინეთში მყოფი საქართვლოს 3 მოქალაქე. ისინი ქალაქ იანგჯოუში არიან და ფრენების გადადების გამო საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. საქართველოს ელჩი ჩინეთში "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნებასთან დაკავშირებით მთავრობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

ქალაქი, საიდანაც ე.წ. ჩინური ვირუსი გავრცელდა, ისევ ჩაკეტილია. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 637-ს მიაღწია.

დღეს დილით, უხანის ცენტრალურ საავადმყოფოში ჩინელი ექიმი ლი ვენლიანი გარდაიცვალა, რომელიც კორონავირუსის შესახებ საზოგადოებას 2019 წლის დეკემბერში აფრთხილებდა.

ბოლო ერთ დღეში ვირუსით დაინფიცირების 3 147 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ვირუსის დადასტურებული 31 161 შემთხვევაა გამოვლენილი. ჩინეთის გარდა ახალი კორონავირუსი 27 ქვეყანაში ფიქსირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 11 და 12 თებერვალს გლობალური ფორუმის გამართვას გეგმავს, სადაც ახალი კორონავირუსის მკურნალობის მეთოდებზე მეცნიერები მთელი მსოფლიოდან იმსჯელებენ. მანამდე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩინეთში ჩასვლას და ვითარების ადგილზე გაცნობას აპირებენ.

დღის ამბები