27 იანვარი 2021,   07:33
ვრცლად
მკვლელობა ბოლნისში - ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე მეზობელია, მკვლელობის მოტივი კი ეჭვიანობა

სოფელ სამწვერისში უსაფრთხოებაზე ისევ პოლიცია ზრუნავს. სამართალდამცველები განსაკუთრებით იმ პირის საცხოვრებელ ადგილს იცავენ, რომლის მფლობელიც მომხდარი მკვლელობიდან მალევე პოლიციაში გადაიყვანეს და უკვე რამდენიმე საათია განყოფილებაში რჩება.

საქმე ჯერჯერობით გახსნილად არ არის გამოცხადებული, თუმცა შემთხვევის ადგილზე სავარაუდო დამნაშავეზე ვერსიები ვრცელდება. სავარაუდოდ მეზობლებს შორის დაპირისპირება, რაც ტრაგედიით დასრულდა, ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო. დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა, ნივთმტკიცების სახით უკვე ამოღებულია.

70 წლამდე მამაკაცის ცხედარი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწვერისში მეზობლებმა დღეს დილით იპოვეს. მათი თქმით, მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა, გულ-მკერდის არეში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ სავარაუდო მკვლელი მათივე თანასოფლელი, სამოცი წლის მამაკაცია, თუმცა რა შეიძლება გამხდარიყო სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი, ამაზე საუბარი უჭირთ.

მოკლული ფეიზ ახმედოვის ერთ-ერთი მეზობლის სახლთან მთელი დღის განმავლობაში პოლიციის დანაყოფი იმყოფებოდა. ყავს თუ არა გამოძიებას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული - ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან სამართალდამცველებმა კამერებთან, ჯერჯერობით, თავი შეიკავეს.

სამართალდამცველებისგან განსხვავებით, "კურიერთან" სავარაუდო მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის დედამ ისაუბრა. ქალის თქმით, მის შვილს სოფელში დაპირისპირება არავისთან ჰქონია.

რატომ გაიმეტეს სასიკვდილოდ 70 წლის მამაკაცი - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გარდაცვლილის ნათესავებს უჭირთ. ამბობენ, რომ ახმედოვი სოფელში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა და ის უკონფლიქტო ადამიანი იყო. ოჯახის ახლობლებმა არ იციან, რატომ აღმოჩნდა მისი ცხედარი საკუთარი სახლიდან მოშორებით და რას აკეთებდა გარდაცვლილი იქ მკვლელობის მომენტამდე.

ჰყავს თუ არა პოლიციას ფეიზ ახმედოვის მკვლელობაში ბრალდებული და რა ვერსით მუშაობს გამოძიება, ამ საკითხზე შსს-ს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

ცნობილია, რომ უწყებამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები