ესპანეთში სამდღიანი გლოვაა - სარკინიგზო ავარიას 68 ადამიანი ემსხვერპლა, 107 დაშავდა. მძიმეა 15 პაციენტის მდგომარეობა. შემთხვევა მადრიდი-სევილიის მაგისტრალზე მოხდა. ერთმანეთს ორი ჩქაროსნული მატარებელი შეეჯახა, სადაც ჯამში 544 მგზავრი იმყოფებოდა. მიზეზად კომპიუტერული ხარვეზი და დისპეტჩერის შეცდომა სახელდება. უსაფრთხოების სისტემის გათიშვის გამო, ერთსა და იმავე ლიანდაგზე მოძრავი ორი მატარებელი ავტომატურად გაჩერდა. ამის შემდეგ, დისპეტჩერმა ორივე მემანქანეს გზის მაღალი სიჩქარით გაგრძელების მითითება მისცა.
სარკინიგზო კატასტროფის შემდეგ, მადრიდში გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვდნენ. სპეცრაზმმა ცრემლსადენი აირი, წიწაკის სპრეი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, ხელისუფლება სარკინიგზო კატასტროფის გამომწვევ მიზეზებს სრულად გამოიძიებს და უსაფრთხოების სისტემაში შესაძლო ხარვეზებს გამოავლენს.
"მთელი ესპანეთი გლოვობს. სოლიდარობასა და ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ დაღუპულთა ახლობლებს; სამინისტრო ცდილობს დაადგინოს ამ უმძიმესი ტრაგედიის მიზეზები და გაარკვიოს, როგორ და რატომ მოხდა ეს. საქმეს ბოლომდე გამოვიძიებთ. თუ ადგილი ჰქონდა რაიმე სახის დაუდევრობას, ეს აუცილებლად გამოვლინდება. თუ უსაფრთხოების სისტემაში ხარვეზები არსებობდა, მათ აღმოვფხვრით. თუ ჩვენი მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო სისტემისადმი ნდობის აღსადგენად უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერებაა საჭირო, ამას გავაკეთებთ, რადგან დაუშვებელია, ესპანეთის მსგავს ქვეყანაში ერთ წელიწადში ორი ასეთი სარკინიგზო კატასტროფა მოხდეს", - აცხადებს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი.