იღებს თუ არა ბრიუსელი პასუხისმგებლობას საფრანგეთსა და იტალიაში განვითარებულ ძალადობრივ აქციებზე - ამ კითხვაზე პასუხს "რუსთავი 2" ევროკომისიისგან ამ დრომდე ელის. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული მასალების თანახმად, ევროკომისია და სოროსის ფონდები მილიონობით ევროთი აფინანსებდნენ არეულობებთან დაკავშირებულ 5 მსხვილ ორგანიზაციას. მათ შორის არიან საფრანგეთსა და იტალიაში მოქმედი ენჯეოები და პროფკავშირები. პოლონური, ესპანური და ბელგიური პრესის ინფორმაციით, ამ ორგანიზაციებს ჯამში ევროკომისიისგან 8 მილიონი ევროს გრანტი აქვთ აღებული.
საერთაშორისო მედიის საგამოძიებო მასალებზე თბილისში მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებები კეთდება - ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ევროპაში ძალადობრივი აქციების დაფინანსებასა და საქართველოს შორის პარალელს ვერ ხედავენ.
"რაც პარიზში და მილანში ვნახეთ, პარალელი ვერ დავინახე. მე ინფორმაცია არ მაქვს იმ აქციებს ვინ აფინანსებდა ან მათ უკან ვინ იდგა. ნამდვილად, ეს შეიძლება ბევრმა დაწეროს, ან რაღაც თქვას, არასწორი ინფორმაცია ან მოსმენილი, ან გაგონილი და ა.შ.", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე შალვა კერესელიძე.