22 ივნისი 2026,   14:03
ვრცლად
მამაკაცი, რომელმაც "ბასიანის" თანამშრომლები დაჭრა, მესამე დღეა დუმს, მან ადვოკატის აყვანაზე უარი თქვა

39 წლის ბიძინა ჩაჩხიანის პოზიცია, რომელმაც კლუბთან 3 ადამიანი დაჭრა, საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სასამართლო პროცესი ჩაინიშნება.

სავარაუდოდ, პროკურატურა მას ბრალს დღეს დღის ბოლომდე წარუდგენს და არ არის გამორიცხული, რომ სასამართლო პროცესიც დღეს ჩაინიშნოს. დაკავებული ამ ეტაპზე დიღმის მთავარ სამმართველოში იმყოფება. მან იურიდიულ მომსახურებაზე უარი განაცხადა. ბიძინა ჩაჩხიანის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი დაიცავს. ეს არის ია თოდუა, რომელთან დაკავშირებას "კურიერი" დილიდან ცდილობს, თუმცა იგი ზარებს არ პასუხობს.

პარალელურად, გრძელდება გამოძიება და გამოკითხვები. სავარაუდოდ, ინციდენტის დროს დაზარალებულებს გამოძიება დღეს, სამედიცინო დაწესებულების დატოვების შემდეგ გამოკითხავს.

შეგახსენებთ, "ბასიანზე" დაპირისპირება 2 დღის წინ მოხდა. ბიძინა ჩაჩხიანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 18-ჯერ გაისროლა, თუმცა აღნიშნულ ვითარებას წინ უძღოდა უშუალოდ "ბასიანის" შიგნით მომხდარი ფაქტი, სადაც ჩაჩხიანი დიჯეის დაუპირისპირდა. ბიძინა ჩაჩხიანი დაპირისპირების შემდეგ დაცვის წევრებმა გარეთ გამოიყვანეს, თუმცა უკვე გაღიზიანებული ჩაჩხიანი, დაახლოებით 30 წუთის შემდეგ, კვლავ უკან დაბრუნდა და იარაღიდან 18-ჯერ გაისროლა.

დაჭრილი არის 3 თანამშრომელი. ერთ-ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამჟამად, არის დამაკმაყოფილებელი და ის გუშინვე გაწერეს სამედიცინო დაწესებულებიდან. 2 დაშავებულს კი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

ექიმები ამბობენ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და სავარაუდოდ, ალადაშვილის კლინიკას ორივე მათგანი დღეს დატოვებს.

"მამაკაცს, რომელსაც ტერფის არეში  ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა, ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა ოსტეოსინთეზი, ამოღებულ იქნა უცხო სხეული.

მეორე გოგონა, რომელსაც ასევე ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდა წვივის არეში მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობის გამო, იქაც ამოღებულ იქნა უცხო სხეული. ამჟამად მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია," - აცხადებს მკურნალი ექიმი ნიკოლოზ ლომინაშვილი.

დღის ამბები