პანკისის ხეობაში ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის დაპირისპირების დროს მოკლულს დღეს ქისტური წესის მიხედვით, ლოცვის შემდეგ, დაკრძალავენ. სოფელ ჯოყოლოში 36 წლის ვისო მუთოშვილის ოჯახი დილიდან სამძიმარს იღებს.
სამძიმარზე მყოფი პანკისელები მომხდარის მთავარ მოტივად კვლავ "ხადორი3"-ის მშენებლობას განიხილავენ. მათი თქმით, მხარეებს შორის წარსულში კონფლიქტი არ ყოფილა, გვარებს შორის დაპირისპირება კი რამდენიმე თვის წინ ჰესის მშენებლობის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია.
ადგილობრივები მომხდარზე პასუხისმგებლობას ძალოვნებს და ხელისუფლებას აკისრებენ.
ხეობაში არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს დღეებში, უხუცესებთან და სახალხო კრების წევრებთან ერთად განიხილონ მომხდარი და კონფლიქტის მოგვარება მშვიდობიანი გზით სცადონ.
"კურიერი" ასევე შეეცადა, ინციდენტის დროს დაჭრილი ახალგაზრდების ოჯახებთან გასაუბრებას, თუმცა ისინი მედიასთან დეტალებს არ ყვებიან.
გუშინ პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში კონფლიქტი ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის მოხდა. დაპირისპირების დროს დაიღუპა ერთი ადამიანი და დაიჭრა სამი.
მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არის. თუმცა გამოძიების ფარგლებში იკითხებიან მომხდარის ირგვლივ მონაწილე პირები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.