05 დეკემბერი 2021,   13:04
ვრცლად
"კურიერის"კითხვა ოკუპაციაზე და პუტინის ირონიული პასუხი - რა გამოხმაურება მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას თბილისში

"კურიერის" ჟურნალისტმა დღეს ევრაზიული კავშირის სამიტზე, რომელიც ერევანში იმართება,  რუსეთის პრეზიდენტს 2008 წელს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებები შეახსენა. "როდის გაიყვანს ჯარს ოკუპირებული ტერიტორიებიდან" - ეს იყო "კურიერის" კითხვა, რომელზეც ვლადიმირ პუტინს პასუხის გაცემა მოუხდა. კითხვების დასმა "კურიერმა" ვლადიმერ პუტინისთვის ერევანში ევრაზიული კავშირის ეკონომიკურ სამიტზე შესვლის წინ სცადა. რუსეთის პრეზიდენტმა კითხვებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ვალდებულებების შესრულებაზე ტრადიციულად მოკლე და ირონიული პასუხი გასცა. ამის შემდეგ რუსეთის სამთავრობო დაცვამ "რუსთავი 2-ის" გადამღები ჯგუფის მიმართ განსაკუთრებული ზომები მიიღო, "რუსთავი 2-ის"  გადამღებ ჯგუფს სამიტის ორგანიზატორებმა ჯერ აკრედიტაციები ჩამოართვეს, შემდეგ კი კითხვის შინაარსის გასაგებად "კურიერის" ჟურნალისტთან თავად ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი მივიდა.

"რა კითხვა დაუსვით ბატონ პრეზიდენტს ზუსტად ვერ გავიგე და მითხარით,"- მიმართა პესკოვმა ჟურნალისტს.

ერევნიდან ვლადიმერ პუტინის გზავნილს ოფიციალურმა თბილისმა პირდაპირ არ უპასუხა. პრემიერ-მინისტრმა მედიასთან აქცენტი ისევ დიალოგის მნიშვნელობაზე, საოკუპაციო ხაზთან დაძაბულობის მოხსნასა და ფრენების აღდგენაზე გააკეთა.

მთავრობისგან განსხვავებით, ვლადიმერ პუტინის კომენტარის შეფასებაში უფრო ხისტები იყვნენ საკანონმდებლო ორგანოში, მათ შორის უმრავლესობის წევრებიც. ოპოზიციამ რუსეთის პრეზიდენტს 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა შეახსენა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  პოლიტსაბჭოს წევრ გიორგი ბარამიძის თქმით, პუტინის ცინიკური პასუხი მოწმობს იმ აგრესიულ გეგმებს, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს საქართველოს მიმართ გააჩნია:

"მთელი მსოფლიო ამბობს, რომ რუსეთს არ შეუსრულებია 12 აგვისტოს ხელშეკრულება, პუტინის პასუხი არის მორიგი ცინიკური განცხადება, რომელიც მოწმობს აგრესიულ გეგმებს,"- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, იმის მიუხედავად თუ რას ილაპარაკებს რუსეთის ხელისუფლება, საქართველოს ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს ოკუპაციის თემის მუდმივად დღის წესრიგში ყოფნა და იმის შეხსენება რუსეთისა და მსოფლიოსთვის, რომ აღებული ვალდებულებები ისევ შეუსრულებელია:

"აუცილებელია შეასრულოს ჯარების გაყვანა, საერთაშორისოების დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსებმა რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ,  ჩვენი ამოცანაა მუდმივად შევახსენოთ ეს,"- აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, რუსეთი ოკუპანტია და ამას არც მალავს, მთავარი კი არის ის, რომ მსოფლიო თანამეგობრობამ იცის, ვინაა რუსეთი:

"ის არის ოკუპანტი ქვეყანა, ამას არ მალავს. ჩვენთვის მთავარია,  რომ მსოფლიო თანამეგობრობამ და ყველამ იცის ვინაა რუსეთი,"- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ვლადიმერ პუტინის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ჯარს საქართველოს ტერიტორიიდან მაშინ გაიყვანს, როდესაც ამას თავად გადაწყვეტს, მოსკოვის წინააღმდეგ დიპლომატიურ ომში კარგ იარაღად თვლიან ყოფილი დიპლომატები. საექსპერტო წრეებში ამბობენ, რომ ოფიციალურმა თბილისმა ახლა დასავლეთს მოსკოვის წინააღმდეგ უფრო აქტიური პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისკენ უნდა მოუწოდოს.

"რუსეთი არის არაკეთილსინდისიერი აქტორი საერთაშორისო არენაზე, ის არასდროს ასრულებს ვალდებულებებს და უნდა გავაზრდევინოთ ზეწოლა,"- აცხადებს აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი ბათუ ქუთელია.

რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ყოფილი ელჩის ვალერი ჩეჩელაშვილის შეფასებით, რუსეთი და მისი მოკავშირეები თავის შექმნილ რეალობაში ცხოვრობენ:

"რუსეთი და მისი მოკავშირეები თავის შექმნილ რეალობაში ცხოვრობენ, ამის დასტური არის პუტინის პასუხი,"- განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

საერთაშორისო საზოგადოების წინაშე 2008 წელს აღებული 6 ვალდებულებიდან რუსეთმა მხოლოდ ერთი - ცეცხლის შეწყვეტა შეასრულა. სხვა ვალდებულებები კი, რომელთა შორის ძალის არ გამოყენება, საერთაშორისო დამკვირვებლების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვება და სამხედრო შენაერთების ომამდელ პოზიციებზე დაბრუნებაა,  არ შეუსრულებია. უფრო მეტიც, 2008 წლის ომის შემდეგ მოსკოვმა საქართველოს დამატებითი ტერიტორიები მიიტაცა და 100 კილომეტრზე მეტი სიგრძის მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები აღმართა, თითქმის ყოველთვე იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირის დამკვირვებლებს კი მონიტორინგის საშუალება მხოლოდ საოკუპაციო ხაზთან აქვთ.

 

 

დღის ამბები