06 ნოემბერი 2026,   17:03
ვრცლად
კულტურის მინისტრი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ინფრასტრუქტურული მიმართულებით არსებულ მდგომარეობას გაეცნო

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ თეატრის დირექტორისგან, გიორგი თავაძისგან მოისმინა.

ლადო მესხიშვილის სახელის მატარებელი თეატრის უნიკალური კომპლექსი, რომელიც  ათწლეულების განმავლობაში ემსახურება ქართული დრამატული ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციას, დღეისათვის ავარიულ მდგომარეობაშია და მასშტაბურ რეაბილიტაციას საჭიროებს. 

"ქუთაისის მრავალწლიანი კულტურული, მათ შორის თეატრალური ცხოვრება ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი და ღირებული ნაწილია. ამ მემკვიდრეობის მომავლის შესაქმნელად, უმნიშვნელოვანესია, ერთი მხრივ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული გამოწვევების მოგვარება, ხოლო, მეორე მხრივ, შემოქმედებითი პროცესების ხელშეწყობა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ახალგაზრდა თაობის ჩართულობის გაზრდის და მათი პოტენციალის გამოყენების საკითხი. ჩვენ გვჭირდება ღირებულ წარსულზე დაფუძნებული ახალი ხედვა, წარმატებული ხელოვანები და აქტიური შემოქმედებითი პროცესი", - განაცხადა მაია ბითაძემ.

კულტურის მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, დელეგატი (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში) ზაზა ლომინაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ზაზა კვიციანი, დირექტორის პირველი მოადგილე თეა ონიანი და ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.

ქუთაისის დრამატული თეატრის ისტორია მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება. 1861 წლის 3 მარტს, ქალაქის საზოგადო საკრებულოს შენობაში, დაიდგა გიორგი ერისთავის ისტორიული კომედია "გაყრა". 1885 წელს კი, ქუთაისში პროფესიული თეატრის დაარსება, რეჟისორისა და მსახიობის, კოტე მესხის სახელს უკავშირდება. თეატრის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უჭირავთ ლადო მესხიშვილს, რომელიც თეატრს 1893-1906 წლებში ხელმძღვანელობდა და რომლის სახელი 1940 წელს ქუთაისის თეატრს ოფიციალურად მიენიჭა და კოტე მარჯანიშვილს, რომელმაც 1928 წელს შექმნა ქუთაის-ბათუმის მეორე სახელმწიფო თეატრი და განახორციელა მისი საუკეთესო დადგმები. 1955 წელს გაიხსნა ქუთაისის დრამატული თეატრის ახალი შენობა, რომელსაც 2009 წელს მიენიჭა "არქიტექტურული ძეგლის სტატუსი".  

სხვადასხვა დროს მესხიშვილის თეატრში მოღვაწეობდნენ და საეტაპო მნიშვნელობის სპექტაკლებს დგამდნენ ცნობილი ქართველი რეჟისორები; მის სცენაზე თამაშობდნენ დიდი ქართველი მსახიობები; თავის ნამუშევრებს ქმნიდნენ გენიალური ქართველი მხატვრები; თეატრის მუზეუმში დაცულია ქართველ კლასიკოს კომპოზიტორთა ხელნაწერი პარტიტურების უნიკალური ფონდი.

მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში თეატრი ქართული კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერად ჩამოყალიბდა. დღეს იგი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებში, თანამშრომლობს უცხოელ ხელოვანებთან და ახორციელებს შემოქმედებით პროექტებს.

დღის ამბები