პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ ევროპის ქალაქებში განვითარებული მოვლენების შეფასებისას აღნიშნა, რომ ბრიუსელის ორმაგი სტანდარტი განსაკუთრებით თვალსაჩინოა.
ზვიად შალამბერიძე ასევე ეხმაურება საკითხს, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის ელჩმა მედიის კითხვების მიუხედავად, არ დააკონკრეტა, ვის გულისხმობს ბრიუსელი "თვითნებურად დაკავებულებში", რომელთა გათავისუფლებასაც ევროკომისიის ახალი ანგარიშით ითხოვენ.
ზვიად შალამბერიძის თქმით, მათ რომ ამ ადამიანების სახელები დაასახელონ, პირდაპირ მოუწევთ აღიარება, საქართველოში ძალადობრივ აქციებს აფინანსებდნენ.
"მათ რომ დაასახელონ ის ადამიანები, რომლებიც იხდიან სასჯელს იმისთვის, რომ "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლეს ამ შემთხვევაში პოლიციელებს და რეალურად იგივე დანაშაულისთვის საფრანგეთში მათ იჭერენ, როგორც სიცოცხლის ხელყოფისთვის, მაშინ ამის აღიარება მოუწევთ, რომ რეალურად, თავიდან ბოლომდე, როდესაც აფინანსებენ "მე ვესროლე მოლოტოვის კოქტეილის" კამპანიას, ისინი აფინანსებდნენ იმ აქციებს, რომელიც ძალადობრივი იყო და რომელსაც დღემდე მშვიდობიანად აცხადებენ, მოუწევთ ამ ყველაფრის აღიარება. აი, ამიტომ არიან ახლა უხერხულ მდგომარეობაში", - აცხადებს ზვიად შალამბერიძე.