მთავრობამ პარლამენტში 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი დააბრუნა.
რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2027 წლისთვის 5 პროცენტია, ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია მილიარდ ლარზე მეტით. მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი გაზრდილია 685 მილიონი ლარით. ინდექსაციის ფორმულის შესაბამისად, 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია იზრდება 60 ლარით და განისაზღვრება 555 ლარის ოდენობით.
როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, წელს უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა არის, რაც დამატებით შემოსავლებს იძლევა, როგორც პენსიის ზრდის, ისევე ჯანდაცვის, თავდაცვისა და პოლიციის მიმართულებებით:
"გვაქვს წელს უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა ვიდრე თავიდან იყო დაგეგმილი, რაც დამატებით შემოსავლებს გვაძლევს. დამატებითი რესურსი გამოყენებული იქნა ერთის მხრივ, ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად ტრადიციულად, მეორეს მხრივ, იმ საჭიროების დასაფინანსებლად, რაც წლის განმავლობაში გამოიკვეთა. დასახულია პენსიის ზრდა, ინდექსაციაზე უფრო მაღალი მოცულობით, დაახლოებით იგივე პროცენტული მაჩვენებლით იზრდება 70 წლამდე პირთა პენსია, რაც 70 და ზევით ასაკის პირთა პენსია იზრდება, პროცენტული მაჩვენებელი ანალოგიურია, ამავდროულად შშმ პირთა პენსიაც, როგორც 70 წლამდე პირთა პენსია, ანალოგიურად ინდექსაციის მიღმა იზრდება. ამ მიმართულებებით ჯამში 150 მილიონ ლარზე მეტი გამოყოფილი, გარდა ამისა გაზრდილია საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება და მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც იძულებით გადაადგილებით პირთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის ნაცვლად, კომპენსაციების თანხის გამოყოფა ამ მიმართულებით, 2026-27 წლებში ამ მიმართულებით 326 მილიონ ლარზე მეტი იქნება გამოყოფილი. გარდა ამისა, თავდაცვისა და პოლიციის მიმართულებით დამატებითი რესურსები გამოიყო 2027 წელს, ასევე მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახალი ინიციატივების დაფინანსება და ეს ყველაფერი განხილული იქნება მომდევნო კვირიდან", - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.