მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს, ჰანს კლუგეს შეხვდა. კლუგე წლების განმავლობაში ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ამჟამად იგი ბელგიის მიერ ჯანმოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატია.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მან მინისტრს საკუთარი კანდიდატურა და სამოქმედო ხედვა გააცნო. საბოლოო გადაწყვეტილებას წევრი ქვეყნები 2027 წლის მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში მიიღებენ.
ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის არჩევისას მნიშვნელოვანი იქნება მისი ხედვების შეფასება როგორც ჯანმოს სამომავლო განვითარებასთან, ისე ამ პროცესში საქართველოს შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
"ძალიან მნიშვნელოვანია ამ არჩევნებში აქტიური ჩართულობა იმ კუთხით, რომ კარგად შევაფასოთ თითოეული კანდიდატის ხედვა სამომავლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შემდგომი განვითარების თაობაზეც და ასევე, იმ პერსპექტივების შესახებ, რასაც შეიძლება ასეთი განვითარება სთავაზობდეს ჩვენს ქვეყანას. სწორედ ეს იქნება მთავარი კრიტერიუმი ჩვენთვის არჩევანის გაკეთებისთვის. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ასეთი ტიპის შეხვედრები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ჩვენი მხრიდან", - აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.