30 ოქტომბერი 2026,   18:32
ვრცლად
"ის, რაც გიორგი გახარიამ მაშინ იკადრა და გააკეთა, იყო პრაქტიკულად იმავე საფრთხის წინაშე ჩვენი ქვეყნის დაყენება, რაც 2008 წელს, ძალიან მცირე იყო დარჩენილი საომარ მოქმედებამდე და პროვოკაციამდე" - დავით მათიკაშვილი

პოლიტიკური სპეკულაციები და ფაქტების დამახინჯების მცდელობა - ასე აფასებს "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოში გახარიას პარტიის წარმომადგენლის გამოსვლას. კოლეგიის წინაშე ახსნა-განმარტებებით ბერდია სიჭინავა წარსდგა. გახარიას თანაგუნდელმა თქვა, რომ ჩორჩანა ოკუპაციას გადაურჩა, რაც შემდგარი ფაქტია. რეალურად კი გიორგი გახარიას მიერ ახალი საგუშაგოს ერთპიროვნულად აღმართვით, ქვეყანამ მილიონი კვადრატული მეტრი დაკარგა. მოსარჩელე მხარის შეფასებით, ბერდია სიჭინავამ განსხვავებულად წაიკითხა 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რასაც კამათი დარბაზშივე მოჰყვა. მან ასევე ახალი ინტერპრეტაცია მისცა გიორგი გახარიას გადადგომის მოტივსაც.

"ქართული ოცნება" გახარიას პარტიის წარმომადგენლის, ბერდია სიჭინავას საკონსტიტუციო სასამართლოში გამოსვლას, ფაქტების დამახინჯების მცდელობად აფასებს. დავით მათიკაშვილის განცხადებით, ჩორჩანაში გახარიას მიერ, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შეუთანხმებლად საგუშაგოს აღმართვის შედეგად, სახელმწიფომ დაახლოებით მილიონ კვადრატულ მეტრ ტყის მასივზე იურისდიქცია დაკარგა. მისივე თქმით, ამ ნაბიჯით ქვეყანა საომარი მოქმედებებისა და პროვოკაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

"მაშინ, როდესაც არაერთგზის დადასტურდა დროებით საგამოძიებო კომისიაზე, მათ შორის მოწმეთა ჩვენებით, რომ ცენტრალური ხელისუფლება ვეღარ ავრცელებს თავის იურისდიქციას დაახლოებით 1 მილიონ კვადრატულ მეტრ ტყის მასივზე. ადგილობრივი მაცხოვრებლები ვეღარ სარგებლობენ იმ ტერიტორიით, ხოლო სანამ იმ ცნობილი საგუშაგოს ჩადგმა განხორციელდებოდა მანამდე სარგებლობდნენ. ეს ყველაფერი არის დადასტურებული და მიუხედავად ამისა, მაინც კადრულობენ გახარიას პარტიის წარმომადგენლები და უტიფარ, ტყუილით გაჯერებულ განცხადებებს აჟღერებენ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.

ის, რაც გიორგი გახარიამ მაშინ იკადრა და გააკეთა, იყო პრაქტიკულად იმავე საფრთხის წინაშე ჩვენი ქვეყნის დაყენება, რაც 2008 წელს, სააკაშვილმა და მისმა მოღალატეობრივმა რეჟიმმა გააკეთა. პრაქტიკულად, ძალიან მცირე იყო დარჩენილი საომარ მოქმედებამდე და პროვოკაციამდე - სწორედ ამ ყოვლად შეუთანხმებელი, გაუაზრებელი, ან პირიქით, გააზრებული და შეგნებულად პროვოკაციული ნაბიჯიდან, რაც გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან, პირველ პირებთან შეთანხმების გარეშე ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმით განახორციელა", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები