31 ოქტომბერი 2026,   02:50
ვრცლად
თინათინ ბოკუჩავა: თავად ივანიშვილმა ერთ ნავში ჩასვა ოპოზიცია, მაგრამ ამის ფორსირება ივანიშვილს კი არ უნდა მოეხდინა, ეს თავად ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა

ოპოზიციის მორიგი დაპირისპირების მიზეზი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები გახდა. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე კოლეგებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ოპოზიციას "ქართულმა ოცნებამ" მოუგო.

"ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიცია ერთ ნავში ჩასვა, ეს მას კი არა თავად ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა" - აცხადებს თინა ბოკუჩავა და ნაციონალური მოძრაობის მოქმედ მენეჯმენტს პოლიტიკას უწუნებს. ბოკუჩავა კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს, თუმცა ახლანდელ ხელმძღვანელებსაც ღიად უპირისპირდება და ამბობს რომ მათ პირობებში პარტია იზოლირებულია.

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, ოპოზიციური პარტიები ერთი მიზნის გარშემო ერეთად უნდა დამდგარიყვნენ, თუმცა ოპოზიცია, მათ ნაცვლად, "ერთ ნავში" ბიძინა ივანიშვილმა ჩასვა.

"თავად ივანიშვილმა, ასე ვთქვათ, ერთ ნავში ჩასვა ამ შემთხვევაში ოპოზიცია და დემოკრატიული ოპოზიციური ძალები, მაგრამ ეს ივანიშვილს კი არ უნდა გაეკეთებინა და ამის ფორსირება ივანიშვილს კი არ უნდა მოეხდინა ქვეყანაში, ეს თავად ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენ სხვაგვარად შეგვეძლო გვემოქმედა და დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში მაინც ვიმოქმედებთ. მაშინ, მიუხედავად იმისა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოზიციას ვიკავებდი, ამიტომ ძალიან მაღალი პარტიული პასუხისმგებლობა მქონდა მე დაკისრებული, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესების დასაცავად, არც მაშინ, არც იმ როლში, არასოდეს დავბრმავებულვარ ამ პოლიტიკური პარტიის კონკრეტული ვიწრო პარტიული დღის წესრიგის ამბიციით და ამოცანით. სამწუხაროდ, ახალი მენეჯმენტის პირობებში, რასაც მე ვხედავ და ალბათ ობიექტური ვარ ამ შეფასებაში, გაცილებით უფრო იზოლაციონისტურია, ვიდრე ამას ვისურვებდი", - აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

დღის ამბები