31 ოქტომბერი 2026,   00:00
ვრცლად
დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები საპოლიციო დანაყოფებთან, საპოლიციო განათლების მიმართულებით გვექნება მნიშვნელოვანი შეხვედრები - ალექსანდრე დარახველიძე ჩინეთში სამუშაო ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სამუშაო ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ გამართულ საერთაშორისო ფორუმში.

მინისტრის მოადგილემ, მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მის პრევენციასა და სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ალექსანდრე დარახველიძემ, ასევე ორმხრივი შეხვედრა გამართა ვიცე-გუბერნატორთან და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ვანგ დონგბინთან, რომელიც საქართველოს დელეგაციას მასპინძლობს.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ, ვიცე-გუბერნატორს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აღნიშნავს, საპოლიციო განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მონაწილეობს ძალიან მნიშვნელოვან ფორუმში, რომლის მიზანია ინტერნეტსივრცეში ჩადენილი დანაშაულის ბრძოლის მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნებმა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება. აღნიშნული ფორუმის ფარგლებში გვქონდა პატივი მისასალმებელი სიტყვით გამოვსულიყავით ფორუმის წინაშე.

ჩვენ შევხვდით პროვინციის ვიცე-გუბერნატორს, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს ამ პროვინციაში საპოლიციო დანაყოფებს. გარდა ამისა, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები საპოლიციო დანაყოფებთან. საპოლიციო განათლების მიმართულებით გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები." - აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე. 

დღის ამბები