22 ოქტომბერი 2026,   06:47
ვრცლად
"ვიმედოვნებთ, პოლიცია და სამხედროები ამჯერად მაინც არ გამოიყენებენ ძალას, თუმცა როდესაც სახელმწიფო რეპრესიებს განაგრძობს და ჩვენს მოთხოვნებს ყურადღებას არ აქცევს, პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვა რთული იქნება" - საფრანგეთის მოქალაქე

მასობრივი საპროტესტო აქციების და არეულობის შემდეგ, საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის პარიზის, ლიონის, ტულუზისა და მარსელის ცალკეულ უბნებში, ღამის კომენდანტის საათი მოქმედებს. ქალაქებში არმიის დანაყოფებს განათავსებენ. აქციებს თან ახლდა ძალადობა და მაროდიორობა.

ქვეყნის მასშტაბით დაზიანდა და გაიძარცვა დაახლოებით 3 000 სავაჭრო ობიექტი, შეტაკებების შედეგად დაშავდა ასობით მოსწავლე, სტუდენტი, პედაგოგი, ასევე პოლიციელი და ჟანდარმები. პარიზის პოლიციის პრეფექტურა ადასტურებს, რომ აქციების პერიოდში საჯარო სივრცეში ორი მამაკაცი გარდაიცვალა. ბოლო რამდენიმე დღეში სულ 2 500-მდე პირი დააკავეს.

"არცერთ მხარეს არ ვარ, თუმცა, რა თქმა უნდა, მშვიდობა მსურს. საფრანგეთისთვის ეს მძიმე ვითარებაა და იმედი მაქვს, მსგავსი რამ აღარ განმეორდება. გავიგე, რომ ამ შაბათ-კვირას მორიგი დემონსტრაცია იგეგმება. ვნახოთ, რა იქნება - ვიმედოვნებ, ის წინა აქციაზე უფრო მშვიდი იქნება", - აცხადებს მოქალაქე ზაიან ლეგრანი.

პარიზის მკვიდრი ახალგაზრდა ქალი აცხადებს, რომ არეულობის უმეტეს ნაწილს თავად პოლიციელები აწყობენ.

"ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად მაინც პოლიცია და სამხედროები ძალას არ გამოიყენებენ, თუმცა იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო რეპრესიებს განაგრძობს და ჩვენს მოთხოვნებს - თუნდაც სრულიად მშვიდობიანს - ყურადღებას საერთოდ არ აქცევს, პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვა, სავარაუდოდ, რთული იქნება. უკვე 10 წელია, რაც ეროვნული განათლების სისტემა დაფინანსებას, მასწავლებლების დამატებას, ნაკლებად გადატვირთულ კლასებსა და სასწავლო დაწესებულებების მოვლა-პატრონობას ითხოვს. არეულობის უმეტეს ნაწილს თავად პოლიციელები აწყობენ. ამიტომ, ვფიქრობ, ამ ფაქტსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. ფრანგი ხალხი, ზოგადად, საკმაოდ მშვიდია", - აცხადებს მოქალაქე.

დღის ამბები