20 ოქტომბერი 2026,   01:41
ვრცლად
რა კონტრარგუმენტი უნდა წარმოადგინონ, ძნელი სათქმელია, არსებობს კონკრეტული ფაქტები, დაიწყეს არჩევნების უგულებელყოფა, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის ბოიკოტირება და გადატრიალების მზადება - ირაკლი ქადაგიშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე

ორი დღე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვამდე. პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველი პარტიის სარჩელს არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი წარადგენენ. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ბათუმში კონკრეტული მტკიცებულებებით ჩადიან, ოპოზიცია კი, რა სამართლებრივი არგუმენტებით დაიცავს საკუთარ პოზიციას ამ დროისთვის უცნობია.

5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე 7 მოსამართლე ოთხშაბათიდან 3 დღის განმავლობაში იმსჯელებს. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად 9 თვიანი ვადა აქვს.

როგორც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, ოპოზიციურ პარტიებს გაუჭირდებათ კონტრარგუმენტების წარდგენა, რადგან ფაქტობრივად ბუნებაში ასეთი რამ არ არსებობს.

"რა კონტრარგუმენტი უნდა წარმოადგინონ, ძნელი სათქმელია, არსებობს კონკრეტული მომხდარი ფაქტები. 2024 წლის არჩევნების შემდეგ რაც მათ მოაწყვეს ქვეყანაში, ის კონსტიტუციური ქმედება არის? ის დემოკრატიული ქმედება არის? რა თქმა უნდა, არა ხომ? მათ ჰქონდათ ერთი განზრახვა - ხელისუფლების ხელში აღება. როდესაც არჩევნებში დამარცხდნენ ვერც ერთი არგუმენტი, ვერც ერთი მტკიცებულება ვერ მოიტანეს, რადგან ბუნებაში ასეთი არ არსებობდა, იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ან გაყალბდა, ან რაიმე იყო არამართლზომიერი არჩევნებზე.

დაიწყეს არჩევნების უგულებელყოფა და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის ბოიკოტირება და გადატრიალების ასე ვთქვათ მზადება. აი ეს არის ის ქმედებები, რა ქმედებების გამოც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი ტიპის პოლიტიკური პარტიები პასუხს აგებენ ხოლმე", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

 

დღის ამბები