07 ოქტომბერი 2026,   23:15
ვრცლად
საქართველოს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანს შეხვდა

საქართველოს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება დაეთმო ერთობლივ ინიციატივებს თეატრის, კინემატოგრაფიის, სახვითი ხელოვნების და სამუზეუმო საქმის მიმართულებებით.

საუბარი შეეხო საქართველოში სომხეთის კულტურის დღეების აღნიშვნის მნიშვნელობას, რომლის ფარგლებშიც თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სომხეთის ეროვნული ფილარმონიული ორკესტრის კონცერტი გაიმართება, ხოლო დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ერვანდ ქოჩარის ნამუშევრების გამოფენა "ქოჩარი - მრავალგანზომილებიანი გენიოსი" გაიხსნება.

კოლეგა მინისტრმა მაია ბითაძე სომხეთის რესპუბლიკაში საპასუხო ვიზიტით მიიწვია.
კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სმბათიანი, მინისტრის მოადგილე ალფრედ ქოჩარიანი და საელჩოს მრჩეველი ვლადიმირ პოღოსიანი ესწრებოდნენ.

დღის ამბები