24 ნოემბერი 2026,   11:40
ვრცლად
ტრამპის ადმინისტრაციამ ირანთან დაკავშირებით ახალი სანქციები დააწესა, რომელიც ათობით ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეეხო - Reuters

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანთან დაკავშირებით ახალი სანქციები დააწესა, რომელიც ათობით ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეეხო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ახალი ზომებით ვაშინგტონი ცდილობს, ირანი გლობალური ეკონომიკისგან კიდევ უფრო მეტად იზოლირებული გახადოს და მისი ჩრდილოვანი საბანკო ქსელების საქმიანობა შეაფერხოს.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს, ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ქსელმა (FinCEN) გამოაქვეყნა ანალიზი, რომლის თანახმადაც, 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის აგვისტომდე განხორციელდა თითქმის 15 მილიარდი დოლარის ფინანსური ოპერაციები, რომლებიც, უწყების შეფასებით, შესაძლოა ირანის ჩრდილოვან საბანკო სტრუქტურებთან იყოს დაკავშირებული.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, დაწესებული სანქციები შეეხო ირანის 20-მდე სავალუტო გადამცვლელ პუნქტსა და ფიქციურ კომპანიას, რომლებიც ირანის საგარეო ვაჭრობის ფუნქციონირებას უზრუნველყოფდნენ. მათ შორის არიან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თურქეთსა და ჰონგ-კონგში დაფუძნებული კომპანიები, ასევე ამ ქსელების საკვანძო პირები.

"ირანის ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაშია, მისი ლიდერები კი პანიკაში არიან. ირანის ჩრდილოვანი საბანკო სისტემა გაკოტრების პირას მყოფი რეჟიმის ფინანსური გადარჩენის უკანასკნელი საშუალებაა. ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს ამ უკანონო ქსელების დაშლას მანამ, სანამ ამ პრობლემის სათავეს არ აღმოვფხვრით", - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა.

შტატების ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ირანის ჩრდილოვან საბანკო სისტემას ირანის ცენტრალური ბანკი აკონტროლებს. ეს სისტემა ეყრდნობა ირანში მოქმედ ათობით სავალუტო გადამცვლელ კომპანიასა და ე.წ. რაჰბარ კომპანიებს - ბანკებთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს, რომლებიც ირანში მყოფი კლიენტებისთვის სანქციების გვერდის ავლის ქსელებს მართავენ.

უწყების განცხადებით, ამ გზით საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში მილიარდობით დოლარი მოძრაობს, რაც ირანის საგარეო ვაჭრობის უკანასკნელი პუნქტების შენარჩუნებას უწყობს ხელს.

 

დღის ამბები