ევროპის საბჭოს დაცული ტერიტორიების ექსპერტები ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს ეწვივნენ. მათ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ბუნებრივი, ეკოლოგიური და საკონსერვაციო ღირებულებები, ასევე მართვის პრაქტიკა შეაფასეს.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლებისა და ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებთან.
როგორც ევროპის საბჭოს დაცული ტერიტორიების ექსპერტმა აღნიშნა, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები სწორედ ის გამორჩეული ბიომრავალფეროვნებაა, რომელსაც ევროპული დიპლომი ენიჭება.
"დაცული ტერიტორიების ევროპული დიპლომი ენიჭება განსაკუთრებული ღირებულებით გამორჩეულ ტერიტორიებს, სადაც შენარჩუნებულია ხელუხლებელი ბუნება და უნიკალური, მათ შორის ენდემური, სახეობები. ეს ტერიტორიები ასევე გამოირჩევა გეოლოგიური მახასიათებლებითა და ულამაზესი ლანდშაფტებით.
ლაგოდეხის შემთხვევაში, სწორედ ეს კრიტერიუმებია ის, რასაც ვეძებთ - გამორჩეული ბიომრავალფეროვნება, ენდემური სახეობები და ლანდშაფტების მრავალფეროვნება", - აცხადებს რენატა კშიშჩიაკ-კოსინსკა.