შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში ნაცნობის კუთვნილი ავტომობილის გასაღებსა და საფულეს ფარულად დაეუფლა. მოგვიანებით მან ავტოსადგომიდან აღნიშნული ავტომობილი მართლსაწინააღმდეგოდ გაიყვანა და შემთხვევის ადგილი დატოვა.
დანაშაულის ჩადენიდან მალევე ბრალდებულმა ნაქურდალი ავტომობილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინა, ავტომობილი ადგილზე მიატოვა და მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. ნაქურდალი ავტომობილი და საფულე ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.