საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ტორონტოში გამართულ მეორე საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებას მიეძღვნა.
სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე.
მინისტრმა ამ კონტექსტში საქართველოს გამოცდილებაზეც ისაუბრა. მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
"უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი და მისი შედეგები სცდება ბრძოლის ველს და უდიდეს ტანჯვას აყენებს მშვიდობიან მოსახლეობას.
უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედრო ტყვეების მდგომარეობა ჩვენს მუდმივ და ერთობლივ ყურადღებას საჭიროებს. საქართველოსთვის ეს საკითხები განსაკუთრებით მტკივნეულია.
კონფლიქტისა და ოკუპაციის შედეგად მიღებულმა მძიმე გამოცდილებამ გვასწავლა ომის გრძელვადიანი ჰუმანიტარული შედეგების სიმძიმე. საქართველო, კიდევ ერთხელ, ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
მხარს ვუჭერთ მშვიდობის მიღწევისკენ მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიით განმტკიცებული პრინციპების შესაბამისად. საქართველო კვლავ მტკიცედ იდგება უკრაინელი ხალხის გვერდით და მხარს დაუჭერს საერთაშორისო სამართლის, ადამიანის ღირსებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიით განმტკიცებული პრინციპების დაცვას", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.