18 სექტემბერი 2026,   15:34
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: ნამახვანჰესის ისტორია ყველაზე კარგი დასტურია, რომ გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი. რაც შეეხება მავნებლობას, რაც ჩაიდინეს ბრიუსელიდან დაფინანსებულებმა და ჩაშალეს მნიშვნელოვანი პროექტი, ასეთი მავნებლობა ვეღარ მოხდება

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტის ჩაშლამ ქვეყანას სერიოზული ზიანი მიაყენა. მისი თქმით, ენერგეტიკული პროექტის შეჩერების გამო მიმდინარე სასამართლო დავების ფონზე, არსებობს საფრთხე, რომ საქართველოს ბიუჯეტს ინვესტორი კომპანიის სასარგებლოდ 400 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისროს.

პაპუაშვილი პროექტის ჩაშლაში უცხოეთიდან (კერძოდ, ბრიუსელიდან) დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს "მწვანე ალტერნატივას", "სოციალური სამართლიანობის ცენტრსა" და "საიას" ადანაშაულებს. მისი შეფასებით, მათ მიერ წარმართული კამპანია იყო დეზინფორმაცია და ჰიბრიდული თავდასხმა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.

"კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ნამახვანჰესის თემა, სადაც ჯერ კიდევ სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, თუმცა არის რისკი, რომ 400 მილიონი დოლარი დაეკისროს საქართველოს ბიუჯეტს გადასახდელად კომპანიის სასარგებლოდ, რომელიც ფაქტობრივად გააგდეს აქედან უცხოეთიდან დაფინანსებულმა აგენტურამ და გარდა იმისა, რომ საქართველომ მიიღო ზიანი იმით, რომ ეს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი არ განხორციელდა, დამატებით ამისა, შეიძლება საქართველოს ბიუჯეტიდან მოგვიწიოს, მოგვიწიოს ანაზღაურება იმ ზიანისა, რომელიც მიაყენეს მათ უცხეთიდან დაფინანსებულმა ორგანიზაციამ. შეგახსენებთ, რომ მაშინ ამ კამპანიას სრულად კურირებდა სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: "მწვანე ალტერნატივა", "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" და საია, სამივე დაფინანსებული ბრიუსელიდან და რამდენიმე სხვა წყაროდან.

დღეს უკვე ყველამ იცის, თუ რამხელა ფარსი იყო, აბსოლუტური ფარსი, რაც მაშინ მოაწყვეს, სრული დეზინფორმაცია, მართლაც ჰიბრიდული თავდასხმა საქართველოზე იმისთვის, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული პროექტი ჩაშლილიყო და ჩაშალეს ბრიუსელიდან დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა ეს პროექტი.

ასე რომ, ნამახვანჰესის ისტორია არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, რაც კი მიიღო პარლამენტმა ბოლო წლების განმავლობაში, ვინაიდან ემსახურება ქართულ ინტერესებს. რაც შეეხება იმ მავნებლობას, რაც ჩაიდინეს ბრიუსელიდან დაფინანსებულებმა და ჩაშალეს ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი, ასეთი მავნებლობა ვეღარ მოხდება", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები