ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
ბურჭულაძეს სასჯელის სახით განესაზღვრება 5 წელი, 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, 2 წელი პირობით ჩაეთვლება. დაეკისრება ჯარიმა მილიონი ლარის ოდენობით.
ვასილ მხეიძეს, 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და დაეკისრება ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.
პროკურატურამ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს ახალი ბრალდება დღეს წარუდგინა, თუმცა "გამოძიებასთან მათი თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით," ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.
ახალი ბრალი ეხება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარებას. ამავე დანაშაულებრივ ეპიზოდზე ბრალდება უკვე წარდგენილი აქვს ირაკლი ღარიბაშვილს.
ბურჭულაძე და მხეიძე უკვე მსჯავრდებულები არიან სისხლის სამართლის სხვა საქმეზე და შესაბამისი სასჯელები აქვთ განსაზღვრული.
"საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის გაჟღერებისას, ერთ-ერთი გარემოება გახლდათ სწორედ თანამშრომლობა ამ სისხლის სამართლის საქმეზე. პირველი საქმე, როგორც ნახეთ დღეს დასრულდა საპროცესო შეთანხმებით, მომდევნო საქმეზე სხდომა ჩანიშნულია სააპელაციო სასამართლოში 28 სექტემბერს," - აღნიშნა ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა.
საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე განმარტება პროკურორმა, ანა ლეკიაშვილმაც გააკეთა.
"ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდების მხარემ ბრალი წარუდგინა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ, ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ვასილ მხეიძეს კი, აღნიშნულის დახმარების ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე დღეს დამტკიცდა თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება, რომლითაც, როგორც მოგეხსენებათ, შესაბამისი სასჯელები შეთანხმების შესაბამისად განესაზღვრათ ზემოხსენებულ პირებს.
აღნიშნულის საფუძველი კი, რა თქმა უნდა, გახდა მათ მხრიდან თანამშრომლობა. თანამშრომლობაში იგულისხმება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენების მიცემა, იქნება ეს კონკრეტული ბრალდებული თუ სხვა, თანამშრომლობა ხდება სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში," - აღნიშნა პროკურორმა.