ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში გამოკითხვები იწყება. გამოძიების შეკითხვებს, მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით, თაზო დათუნაშვილი და ხატია დეკანოიძე უპასუხებენ.
დიღმის მთავარ სამმართველოში უკვე გამოკითხეს ნიკა გვარამია, გია ხუხაშვილი და გიორგი გიგაური. ისინი აცხადებენ, რომ ჯორბენაძის საქმეს არ იცნობენ და მომხდარის შესახებ ღარიბაშვილის წერილიდან გაიგეს. რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ასევე გამოიკითხა ირაკლი ღარიბაშვილიც, რომლის წერილსაც უმრავლესობაში "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეთანხმებულ კონსპირაციად და მმართველი გუნდის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ.
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ოპოზიცია, მორიგ ჯერზე, არგუმენტების გარეშე "ხელისუფლების გაშავებას" ცდილობს.
"რამდენიმე დღეა, ვისმენთ აი, ამ სიგიჟეებს, როგორ შეიძლება უარგუმენტოდ, მტკიცებულებების გარეშე დააბრალო ხელისუფლებას და მთავრობას რაღაც სიგიჟეები. ჩვენ ამის მომსწრენი ვართ ეს რამდენიმე დღეა, ხომ? ადამიანი, რომელიც რაღაც, არ ვიცი, ახლა იქ რა მოხდა და დაამთავრა თვითმკვლელობით, დადასტურებულია, ოჯახის წევრები, ყველა იქ იყო, გასაუბრება, ექსპერტიზა და ამის შემდეგ ორი დღეა, თურმე, ესე იგი, სხვა რეალობა არისო, ამტკიცებდნენ ეს უსამშობლოები. პროკურატურა დაინტერესდა და როდესაც გამოკითხვა დადგა, ამათი რა თქვეს, რომ ჩვენ, ესე იგი, არ ვიცით, არანაირი მტკიცებულება არ გვაქვს, მცდელობა ჰქონდათ, რომ მორიგ ჯერზე მოეხდინათ ხელისუფლების, მთავრობის გაშავება აი, ამ რადიკალებს და მათთან აფილირებულ გარკვეულ ჯგუფებს. აი, ეს არის რეალობა", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.