საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი, ოპოზიციასა და ქვეყნის გარეთ არსებულ ძალებს ეროვნული ინტერესების იგნორირებასა და ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს.
მისი თქმით, ოპოზიციური ფლანგი საკუთარ ქვეყანაზე წინ უცხოური ძალების ინტერესებს აყენებს.
"სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ ნაცაგენტურაში, უცხოური ძალების წარმომადგენლობაში საქართველოში, არ მიაჩნიათ საქართველო თავიანთ სამშობლოდ და უპირატესად აყენებენ სხვა ქვეყანას. მაშინ, როდესაც შენს საკუთარ ქვეყანაში ომი იყო 2008 წელს, ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას და 2008 წლის შემდგომ დღეებში და თვეებში თავად პრეზიდენტი ხვდებოდა რუს ტურისტებს, დღეს რომ არაფერი რუსული ვითომ არ უყვართ, ამბობდნენ, რომ რუსული ინვესტიციები კარგია საქართველოში, მაშინ საჭირო იყო, იმიტომ, რომ მათმა პატრონებმა უთხრეს, რომ ახლა რუსეთთან ჩვენ არა გვაქვს ჩხუბის თავი და დალაგდით ახლა რუსეთთან. დაიწყეს, ფიანდაზების დაგება რუსეთის ფედერაციისთვის. დღეს უკვე დასჭირდათ მათ პატრონებს, უკრაინაში ომის შემდგომ, რომ ახლა აგინეთ რუსეთს და უკრაინაში რომ შეიჭრა რუსეთი, მხოლოდ მერე გახდა ოკუპანტი და მიუღებელი? აი, ეს აჩვენებს ზუსტად, რომ მათთვის საქართველო არ არის სამშობლო, თორემ რა შეიცვალა 2008 წლის ომის შემდგომ? როგორც იყო ოკუპანტი, ისე არის დღესაც ოკუპანტი", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.