29 ივლისი 2026,   21:40
ვრცლად
3 წუთი, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა - "Clipper Endeavor"-ის 74-წლიანი საიდუმლო

1952 წელს, პუერტო-რიკოს სანაპიროსთან წყალზე ავარიულად დაშვებული თვითმფრინავის 69-ვე მგზავრი პირველ დარტყმას უვნებლად გადაურჩა. თუმცა, პირველი დარტყმიდან სულ რაღაც 3 წუთში, 52 მათგანი, ტრაგიკულად გარდაიცვალა. ამ ტრაგედიამ სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წესები სამუდამოდ შეცვალა, თავად ლაინერი კი ატლანტის ოკეანის ფსკერზე გაუჩინარდა. 74-წლიანი ძიების შემდეგ, „Clipper Endeavor“ იპოვეს.

აღმოჩენა წყვდიადში

2026 წლის 2 ივნისი. საღამოს შვიდი საათი და თოთხმეტი წუთი. ატლანტის ოკეანის ფსკერის წყვდიადში, მკვლევარი რობოტი უჩვეულო კონტურს აფიქსირებს. გამოჩნდა ობიექტი, რომელიც თითქმის 600 მეტრის სიღრმეზე, პუერტო-რიკოს ჩრდილოეთ სანაპიროდან დაახლოებით 8 კილომეტრშია ჩაძირული.

სასწრაფო წესით ხდება მასალების შეგროვება, დასურათება და რენტგენის გადაღება. აპარატი ზედაპირზე ბრუნდება. ყველა დეტალი მოწმდება. ირკვევა, რომ საუბარია დიდ რკინის კონსტურქიცაზე. ორ ნაწილად გაყოფილი თვითმფრინავი - ცალკე სალონის კორპუსი, ცალკე კი მისგან მოწყვეტილი კუდი.

ფოტოგრაფიულმა ანალიზმა ფაქტები გამოავლინა: ალუმინის დაზიანებულ კონსტურქციაზე ისევ შეინიშნება Pan American World Airways-ის ფრთიანი ემბლემა და სახელის ფრაგმენტი - Endeavor

74 წლის შემდეგ, Pan AM-ის დაკარგული რეისი 525A იპოვეს.

კერძოდ კი Douglas DC-4-ი, რომელმაც თანამედროვე ავიაციის უსაფრთოხების სანტარდების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი, სწორედ თავისი ტრაგიკული ისტორიით ითამაშა.

Air/Sea Heritage Foundation-მა ისტორიული აღმოჩენა 2026 წლის 21 ივლისს ოფიციალურად დაადასტურა.

9-წუთიანი ფრენა

1952 წლის 11 აპრილი, დიდი (წითელი) პარასკევი. სან-ხუანის Isla Grande-ის აეროპორტიდან ნიუ-იორკის მიმართულებით (დღევანდელი ჯონ კენედის სახელობის აეროპორტი) Pan Am-ის მორიგი რეისი უნდა შესრულებულიყო.

ბორტზე 64 მგზავრი (მათ შორის 6 ჩვილი) და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. ფრენის დაგეგმილი დრო 8 საათს შეადგენდა. იმ ეპოქაში Pan Am ამერიკული ავიაციისა და ტრანსოკეანური მოგზაურობის სიმბოლოს წარმოადგენდა, ხოლო სიტყვა „Clipper“- რითაც ავიაკომპანია საკუთარ ლაინერებს მოიხსენიებდა -უსაფრთხო და შორეულ თავგადასავალთან ასოცირდებოდა.

თუმცა, რეისმა 526A დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია. „Clipper Endeavor“ სან-ხუანიდან დღის თორმეთ საათსა და თერთმეტ წუთზე აფრინდა და ზუსტად 9 წუთში, ატლანტის ოკეანის ტალღებში დაასრულა არსებობა.

საბედისწერო გაფრთხილება

კატასტროფის ნამდვილი მიზეზი არა ჰაერში, არამედ მიწაზე ტექნიკური მომსახურების პროცესში უნდა ვეძებოთ.

ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე, ლაინერის მესამე ძრავას პრობლემები შეექმნა. ის არათანაბრად მუშაობდა და პერიოდულად უკუაფეთქებებსაც განიცდიდა. სან-ხუანში შემოწმებისას, ძრავის ზეთის სისტემაში დაახლოებით ერთი ჩაის კოვზის მოცულობის ლითონის ნაწილაკები აღმოაჩინეს, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ძრავის შიდა დეტალები იშლებოდა.

Pan Am-ის ტექნიკური რეგლამენტი ასეთ დროს ზეთის სისტემის სრულ რეცხვასა და ხანგრძლივ ტესტირებას ითხოვდა, თუმცა ეს პროცედურა ბოლომდე არ შესრულებულა. დაზიანებული კვანძი შეცვალეს, ძრავა რამდენიმე წუთით გამოსცადეს და თვითმფრინავს ფრენის უფლება მისცეს.

როგორც მოგვიანებით აშშ-ის სამოქალაქო აერონავტიკის საბჭომ საგამოძიებო დასკვნაში პირდაპირ ჩაწერა: აფრენის მომენტში თვითმფრინავი ტექნიკურად გაუმართავი იყო.

მოკლედ, თვითმფრინავი აფრინდა.

9 წუთიანი ფრენის ქრონოლოგია: 12:11 — 12:20

• აფრენისთანავე: ლაინერს სიჩქარის აკრეფა უჭირს.

• 76 მეტრი სიმაღლეზე: მესამე ძრავაში ზეთის წნევა ეცემა, ტემპერატურა კი კრიტიკულად იზრდება. ეკიპაჟი აეროპორტში დაბრუნებას ითხოვს.

• 106 მეტრი სიმაღლესე: მესამე ძრავას თიშავენ. ჰაერის წინააღმდეგობის შესამცირებლად პროპელერი ფლუგირების რეჟიმში გადაჰყავთ. დარჩენილ სამ ძრავზე დატვირთვა იზრდება.

• 167 მეტრი სიმაღლეზე: მოულოდნელად, მეოთხე ძრავაც იწყებს დეტონაციას და კარგავს სიმძლავრეს.

• იწყება ბრძოლა ჰაერში: კაპიტანი ჯონ ბერნი სანაპიროსკენ შემობრუნებას ცდილობს, მაგრამ DC-4 სწრაფად კარგავს სიმაღლეს. პილოტები ლაინერის შესამსუბუქებლად საწვავს ზღვაში ცლიან.

• 12:19 სთ: ეკიპაჟი კოშკურას ატყობინებს, რომ წყალზე იძულებითი დაშვება გარდაუვალია.

• 12:20 სთ: „Clipper Endeavor“ ატლანტის ოკეანეს ეჯახება.

დარტყმა იმდენად ძლიერია, რომ ფიუზელაჟს კუდი სწყდება, მაგრამ სამგზავრო სალონი მთლიანობას ინარჩუნებს. 69-ვე ადამიანი ცოცხალია.

ნამდვილი ტრაგედია სწორედ ამ მომენტიდან იწყება.

3 წუთი და 64 მოუმზადებელი მგზავრი

წყალზე დაშვებისთანავე სალონში წყალი შემოდის. მგზავრებს გადასარჩენად სულ რაღაც 3 წუთი აქვთ.

დღევანდელი მგზავრისთვის ფრენა უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ 1952 წელს ეს სავალდებულო არ იყო. მგზავრებმა არ იცოდნენ, სად ინახებოდა სამაშველო ჟილეტები ან როგორ უნდა გამოეყენებინათ ისინი. მართალია, ინსტრუქცია სავარძელზე ეწერა, მაგრამ პანიკის დროს მისი წაკითხვა შეუძლებელი აღმოჩნდა.

ვითარებას ენობრივმა ბარიერმაც გაართულა - პუერტო-რიკოელმა მგზავრებმა ვერ გაიგეს ეკიპაჟის ინგლისურენოვანი მითითებები. ზოგს ბობოქარ ოკეანეში გადახტომის ეშინოდა, სხვები კი სავარძლებში შეკრულები დარჩნენ.

კაპიტანი ბერნი სალონში შევიდა და ხალხის ევაკუაცია დაიწყო. მისი თქმით, ზოგიერთის ძალით გადაგდებაც კი მოუხდა. მთავარი კარი ტალღამ ჩაკეტა და როცა კაპიტანმა მისი ხელახლა გაღება სცადა, წყლის ნაკადმა ისიც ზღვაში გადაისროლა. ეკიპაჟმა მხოლოდ ერთი სამაშველო ტივის გაშლა მოახერხა.

წყალზე დაშვებიდან დაახლოებით 3 წუთში „Clipper Endeavor“ ჩაიძირა.

69 ადამიანიდან მხოლოდ 17 გადარჩა (12 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი). დაღუპული 52 ადამიანიდან, 39-ის ცხედარი დღემდე არ არის ნაპოვნი. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ სიკვდილის მიზეზი დარტყმა კი არა, დახრჩობა იყო.

დიდი პარასკევის ტრაგედია და ავიაციის ახალი წესები

მაშველებს ადგილზე მძიმე სურათი დახვდათ: 4-მეტრიანი ტალღები და ზვიგენები, რომელთა დასაფრთხობადაც ავიაციამ წყალში სპეციალური ნივთიერებები ჩაყარა.

გადარჩენილები ღია ოკეანეში თითქმის ერთ საათს იბრძოდნენ სიცოცხლისთვის. პუერტო-რიკოში ეს დღე ისტორიაში La Tragedia del Viernes Santo (დიდი პარასკევის ტრაგედია) სახელით შევიდა.

ფსკერზე დარჩენილი მემორიალი

„Clipper Endeavor“-ის ოკეანედან ამოღება არ იგეგმება. Air/Sea Heritage Foundation და პუერტო-რიკოს ხელისუფლება ამ ადგილს ოფიციალურ წყალქვეშა სამარხედ და მემორიალად აცხადებენ.

ფაქტია, რომ სწორედ ამ რეისის შემდეგ გახდა სავალდებულო:

• სამაშველო ჟილეტებისა და ტივების მარტივად ხელმისაწვდომ ადგილას განთავსება;

• წყალზე ხანგრძლივი ფრენის წინ მგზავრებისთვის საგანგებო გასასვლელების ჩვენება;

• ჟილეტის ჩაცმისა და გამოყენების პრაქტიკული დემონსტრირება.

ეს კატასტროფა შეგვახსენებს, რომ გადასარჩენად დარჩენილი 3 წუთი დაღუპულმა 52-მა ადამიანმა ერთადერთი მიზეზის გამო ვერ გამოიყენეს, მათ არ იცოდნენ, რა უდნა ექნათ.

 

 

 

დღის ამბები