ისტორიას შემონახულმა ერთმა წამმა ამ ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანების ცხოვრება, ალბათ, სამუდამოდ შეცვალა.

ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ბავშვი და ჯარისკაცი – ომმა წამიერად შეახვედრა და მერე სამუდამოდ დააშორა კიდეც. მათი გზები იმ გზაზე გადაიკვეთა და თან გაიყო, სადაც ადამიანები გადარჩენისთვის იბრძოდნენ.
მაშინ, როცა ათასობით ქალი, ბავშვი, კაცი, პატარა თუ დიდი მოდიოდა კოდორის ხეობის გავლით, ჭუბერის უღელტეხილზე. ფეხით, სიცივეში, თოვლსა და წვიმაში, დიდ გაჭირვებაში. ომს გადარჩენილების ნაწილმა ამ გზას ვერ გაუძლო და დაიღუპა. უღელტეხილი იმდენად რთული გადმოსასვლელი იყო, რომ ადამიანები შიმშილით ან სიცივით იხოცებოდნენ. მოდიოდნენ დაკარგული იმედებით და შეშინებული თვალებით, ყველაფერდაკარგულები. მხოლოდ მოგონებებით.
ამ გზაზე დედას მოჰყავდა გაგრაში დაბადებული ერთი პატარა გოგოც, მაშინ ერთი წლისაც არ იყო. როცა მათ ქალაქში ომი დაიწყო, ოჯახი მთაში გაიხიზნა, იმ ღამეს, კოცონთან ისხდნენ და თბებოდნენ, როცა მათთან ერთი ჯარისკაცი მივიდა და უთხრა, რომ მეორე დღეს ვერტმფრენი მოდიოდა. იქამდე მისასვლელი გზა შორი და რთული იყო, ბავშვის დედას ფეხით სიარული აღარ შეეძლო, ქართველმა სამხედრომ კი პატარა გოგონა სამშვიდობომდე უსაფრთხოდ მიიყვანა.


მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, ფოტოზე გამოსახული მებრძოლი სულხან წურწუმია იყო, გოგონა კი ნინა ჯალიაშვილი. ის ახლა ემიგრაციაშია, ამერიკაში ცხოვრობს. გოგონას ბებია ბავშვობიდან უყვებოდა კაცზე, რომელმაც 33 წლის წინ აფხაზეთის ომის დროს გადაარჩინა, მაგრამ მხოლოდ წლების შემდეგ გაიგო მისი ვინაობის შესახებ. ნინას დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა სულხანიც, თუმცა მისი გაცნობა ვეღარ მოასწრო, გარდაიცვალა.

ნინო ჯალიაშვილი: როდესაც ომი დაიწყო, ჩვენ ისე როგორც ყველა ადამიანი, გავიქეცით მთებში... მახსოვს იმ დღეს ყველანი ცეცხლთან ვიჯექით და სწორედ მაშინ შემისრულდა მე ერთი წელი..ბაბუაჩემი შეხვდა იმ დროს ერთ ჯარისკაცს, რომელმაც უთხრა რომ მეორე დღეს გადიოდა ვერტმფრენი და ის დაგვეხმარებოდა, რომ მე ამ ვერტმფრენში ჩავესვი. თუმცა, იქამდე მისასვლელი გზა ძალიან შორი იყო, დედაჩემს სიარული აღარ შეეძლო და ამ ჯარისკაცმა ამიყვანა ხელში. ეს მომენტი დააფიქსირა სწორედ ფოტოგრაფმა..
ნინოს ოჯახი ომის დაწყებამდე გაგრაში ცხოვრობდა, როცა დაიბადა ომიც, მალევე დაიწყო. ჰყვება, როგორი ემოციური იყო ის წუთები, როცა ჯარისკაცის ვინაობის შესახებ შეიტყო. ახლა ფლორიდაში ცხოვრობს, ისევ სანაპიროზე, ეფიქრება აფხაზეთზე, სადაც ცხოვრება ვერ მოასწრო, მაგრამ იცის მშობლების, ბებიის მოგონებებიდან.

ნინო ჯალიაშვილი: ამერიკაში 2004 წელს ჩამოვედი, დიდი ხანია უკვე აქ ვცხოვრობ.. დიდი ხნის მანძილზე მაინტერესებდა ვინ იყო კაცი, რომელმაც ცხოვრება მაჩუქა. მის ოჯახს დაველაპარაკე, რადგან სულხანი გარდაცვლილია. მის შვილს ვუთხარი, რომ მადლობა რომ მამაშენმა ცხოვრება.ბაბუაჩემი შეხვდა იმ დროს ერთ ჯარისკაცს, რომელმაც უთხრა რომ მეორე დღეს გადიოდა ვერტმფრენი და ის დაგვეხმარებოდა, რომ მე ამ ვერტმფრენში ჩავესვი. თუმცა, იქამდე მისასვლელი გზა ძალიან შორი იყო, დედაჩემს სიარული აღარ შეეძლო და ამ ჯარისკაცმა ამიყვანა ხელში. ეს მომენტი დააფიქსირა სწორედ ფოტოგრაფმა.
ბებიასფლორიდა ხშირად აფხაზეთს ახსენებს - მაჩუქა-მეთქი..ერთხელ ერთმა ქალმა მოგვწერა - ამ სურათზე რომ ბავშვია შენ ხარ?! რამდენი ხანი გეძებდი და მგონი გიპოვეო..სწორედ მან მითხრა, რომ ამ ჯარისკაცს სულხანი ჰქვია.
ეს ქალი ჟურნალისტი თამარ მოლაშვილი იყო, რომელმაც ისტორიად ქცეულ ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანები იპოვა. მათ დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა. პატარა ბავშვისა და ჯარისკაცის ისტორიით თავდაპირველადა ის დაინტერესდა. ომიც საკუთარი თვალით ნახა, აფხაზეთში სამხედრო მოქმედებების დროს ომის ისტორიებს აშუქებდა, რა აღარ უნახავს და გადახდენია, თუმცა ეს ფოტო მისთვის მაინც ყველასგან გამორჩეული და ემოციური აღმოჩნდა.

ეს შეჩერებული კადრი ჭუბერის გზაზე, ფოტოგრაფმა გოგა შარაშენიძემ გადაიღო. ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ–ერთი ყველაზე ტრაგიკული წუთები ფოტოკადრებად მან აქცია. ჩაფიქრებული კაცი სვანური ქუდით, ცეცხლთან მჯდარი ქალი, უიმედო და შეშინებული მზერით ქალი ბავშვით დაბომბილ ქალაქში. გოგა ომზე ამეტყველებული ამ დრომდე გამოუქვეყნებელი უამრავი ფოტოსურათის ავტორია.

ომის დროს გოგა შარაშენიძე და თამარ მოლაშვილი ერთად მუშაობდნენ. ჯარისკაცისა და გოგონას ფოტო ფოტოგრაფმა ჟურნალისტს აჩვენა, რომელმაც სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა. პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, შემთხვევით ნახა ჯარისკაცის მეგობარმა ემზარ ხვიჩიამ და ამ ამბის შესახებ სულხანს უამბო.
ემზარ ხვიჩია: საოცრად გაუხარდა, სულხანს როგორც ვიცი არ სურდა ამ ფოტოს გადაღება ბებია აფხაზი ჰყავდა და არ უნდოდა მის ნათესავებს გაეგოთ რომ აქეთ მხარეს იბრძოდა, ისეთი გაჭირვებული ჩამოვიდა ომიდან მამას ართმევდა სიგარეტს. მერე ჯართს აგროვებდა, ბოლოს სიმსივნით დაავადდა, ქიმიის ფულიც კი არ ჰქონდა, ისეთი თავმდაბალი იყო სადღეგრძელოშიც ვერ ამბობდა, რომ საქართველოსთვის იბრძოდა, ეს პირდაპირ მოვალეობად მიაჩნდა.
მართალია, ჯარისკაცმა და გოგონამ ერთმანეთის გაცნობა ვეღარ მოასწრეს, მაგრამ წლების შემდეგაც ეს ფოტო ალბათ, გულგრილს ვერავის დატოვებს. უცვლელია ომის ამ ადამიანური ისტორიის მთავარი გმირების ემოციებიც დრომ და წლებმა რომ ვერაფერი დააკლო.


35 წლის წინ გადაღებულმა ამ ერთმა ომგამოვლილმა ფოტოკადრმა იმაზე მეტი თქვა ომგამოვლილებზე, მათ ემოციებზე, პიროვნულ ღირსებებზე, ადამიანურ სიკეთეებზე, ვიდრე რომელიმე სიტყვა დაიტევდა. ამ ერთი კაცის და ერთი გადარჩენილი ბავშვის ისტორია კეთილ ზღაპარს ჰგავს, ჩვენი ქვეყნის ყველაზე მძიმე წუთებში რომ იწერებოდა, იმედებით და თან სევდიანად, ზღაპარს, რომელსაც მაინც კეთილი დასასრული აქვს.