ისტორიული პროექტი საქართველოს ავიაციისა და ტრანსპორტის სექტორისთვის. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ახალი 3.6-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. მიმდინარე სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გაეცნო.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულ თანხვედრაშია განვითარების იმ გეგმასთან, რომელიც მთავრობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით აქვს. ყოველწლიურად მზარდია ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადის მაჩვენებელი. ამბიციური გეგმაა ტერმინალის გამტარუნარიანობის 5 მილიონამდე გაზრდა. ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობა აეროპორტს კიდევ უფრო დიდ პოტენციალს უქმნის.
პროექტის ჯამური ღირებულება 240 მილიონი ლარია.
ახალი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, აეროპორტი შეძლებს მსოფლიოში ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდების მიღებასა და მომსახურებას. ეს კი მნიშვნელოვნად გაზრდის აეროპორტის შესაძლებლობებს და გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული საავიაციო და ლოგისტიკური ჰაბის პოზიციას.
მარიამ ქვრივიშვილმა ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სივრცეში განხორციელებული სხვა პროექტებიც დაათვალიერა, მათ შორისაა მგზავრთა კომფორტისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მოქმედი ორი ახალი პრემიუმ სერვისის ბიზნეს ლაუნჯი და პრიორიტეტული გასასვლელი "ფასთ თრექი".