ჩვენ გვაქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და ამ მდებარეობის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა თვალსაზრისით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სინგაპურში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს შეუძლია, გახდეს ჰაბი, ყველა თვალსაზრისით, სხვადასხვა ქვეყნისთვის, შესაბამისად, საჭიროა აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ ეს რესურსი მაქსიმალურად იქნას ათვისებული
„ჩვენ ვართ მაქსიმალურად ორიენტირებულები ჩვენი კავშირების გაფართოებაზე. ძალიან ვაქტიურობთ, მათ შორის, აზიის მიმართულებით. გვქონდა ბევრი მნიშვნელოვანი ვიზიტი და შეხვედრა. ცენტრალური აზიის ქვეყნებთან გვაქვს მჭიდრო ურთიერთობები, ასევე, ჩვენს სამეზობლოსთან, აზერბაიჯანთან სომხეთთან, თურქეთთან და კიდევ ღრმად გვინდა, განვავითაროთ ეს ურთიერთობები. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და ამ მდებარეობის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა თვალსაზრისით. ასევე, ჩვენ ბევრ ქვეყანასთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები და ესეც ქმნის ძალიან კარგ საფუძველს, იმისათვის, რომ ჩვენ დავაინტერესოთ მრავალი ქვეყანა საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებით. საქართველოს შეუძლია, გახდეს ჰაბი, ყველა თვალსაზრისით, სხვადასხვა ქვეყნისთვის. შესაბამისად, საჭიროა აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ ეს რესურსი მაქსიმალურად ავითვისოთ“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, სინგაპური არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რადგან ის არის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე ეკონომიკა.
„სინგაპური არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენთვის. ის არის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე ეკონომიკა. აქვს საუკეთესო გამოცდილება ბევრ სფეროში. ავიაციის მიმართულებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით. ყველა მიმართულებით, საქართველოსთვის მომგებიანი იქნება ამ თანამშრომლობის გაღრმავება, პირველ რიგში, იმისათვის, რომ უკეთ ავითვისოთ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი. ჩემს კოლეგებს, მინისტრებს ჰქონდათ შეხვედრები საკუთარ სინგაპურელ კოლეგებთან. როგორც ეკონომიკის, ისე საგარეო საქმეთა მინისტრს. მათაც ჰქონდათ საუბარი კონკრეტულ დეტალებზე, რაც დაკავშირებულია ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებასთან. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მოიტანს ხელშესახებ შედეგებს ახლო მომავალში“, - განაცხადა პრემიერმა.